ქეთევან ცაავა: „ზოგადად, როცა სასურველ მომსახურებას ვერ იღებ, გიჩნდება სურვილი თავად გააკეთო…“

ქეთევან ცაავა: „ზოგადად, როცა სასურველ მომსახურებას ვერ იღებ, გიჩნდება სურვილი თავად გააკეთო…“

პანდემიურ რეალობაში შექმნილი ინოვაციური სტარტაპების სიმრავლე და მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურების მრავალფეროვნება უკვე აღარავის უკვირს. დღეს

ერთ-ერთ ინოვაციურ ქართულ სტარტაპს – Targmany-ს გაგაცნობთ, რომელიც ორმა მეგობარმა – საერთაშორისო კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ქეთევან ცაავამ და იურისტმა ელენე სხირტლაძემ დაარსეს.

მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა იძლევა მათ უშუალო პროფესიებთან, თითქოს, პირდაპირ კავშირში არაა – ის თარგმანის, ნოტარიულად ტექსტის დამოწმებისა  და სასურველ ადგილზე მიტანის შესაძლებლობას. ამასთანავე, შესაძლებელია სხვა მთარგმნელობითი მომსახურეობაც, მათ შორის,  აუდიო-ვიდეო მასალის თარგმნა, სინქრონული და თანმიმდევრული თარგმნა.

ქეთევანმა და ელენემ იდეა საკუთარი ფინანსებით, დისტანციურად განახორციელეს. გოგოები ფიქრობენ, რომ სტარტაპი მომავალში კიდევ უფრო განვითარდება, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში, სადაც, სავარაუდოა, რომ  ბევრი კომპანია სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გააგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში.

ქეთევან ცაავა (მთარგმნელობითი მომსახურების სააგენტოს targmany – ს  თანადამფუძნებელი):

„ზოგადად, როცა სასურველ მომსახურებას ვერ იღებ, გიჩნდება სურვილი თავად გააკეთო. ჩვენც გვინდოდა ისეთი მომსახურება მიგვეღო, როგორსაც დღეს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს: მოქნილი და ხარისხიანი. Targmany პანდემიის დროს შექმნილი სტარტაპია. როგორც კი გავაანალიზეთ რომ პანდემიამ მოითხოვა პროცესების გაციფრულება, დადგა მომსახურებების სახლიდან გაუსვლელად მიღების საჭიროება, დავიწყეთ მუშაობა ჩვენი იდეის განხორციელებაზე.“

ქეთევან ცაავას მეგობართან, ელენე სხირტლაძესთან ერთად, მთარგმნელობითი სააგენტოს შექმნის იდეა დიდი ხანია ჰქონდა. სტარტაპზე მუშაობაც დისტანციურად  იმ მიზნით დაიწეს, რომ პანდემიის პერიოდი სასარგებლოდ გამოეყენებინათ.

„ერთმანეთის გვერდში დგომა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ასე  გზად არსებული სირთულეები და გამოწვევები  დაძლევადი ხდება.  მე და ჩემს მეგობარს მთარგმნელობითი სააგენტოს შექმნის იდეა ბევრად ადრე დაგვებადა, თუმცა, გადატვირთული გრაფიკის და თავისუფალი დროის არარსებობის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ განხორციელება. თან მივხვდით, რომ გამონთავისუფლებული დროის სანაცვლოდ გვჭირდებოდა აქტიურად გვემუშავა საინტერესო იდეებზე და პანდემიით გამოწვეული გავლენები დადებითად ასახულიყო ჩვენზე.“

ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს 25+ მეტ ენაზე,  სხვადასხვა სირთულისა და სპეციფიკის ტექსტების თარგმნას სთავაზობს. მათ შორის – სამედიცინო, იურიდიული ტექსტების თარგმნას.  სანამ თარგმნილი დოკუმენტი მომხმარებელს გადაეგზავნება, იგი რამდენიმე ეტაპს გადის. პლატფორმა  იმ შემთხვევაშიც მზადაა დაგეხმაროთ, თუ თარგმნილი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმება და, რაც მთავარია, დამოწმებული დოკუმენტის ადგილზე მიტანა გსურთ. საიტზე ასევე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი რჩევები თარჯიმნებისთვის, რომლებსაც მათი თარგმანების ხარისხის გაუმჯობესება სურთ.

„არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სტარტაპის განხორციელება სარისკო იყო, რადგან ძალიან მალე ვუპასუხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც იმ დროისთვის გაჩნდა და მომხმარებლის მოთხოვნას, სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ მთარგმნელობითი მომსახურება, მყისიერად ვუპასუხეთ.  ტრანსპორტის აკრძალვამ გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ მომხმარებელზე ეს პროცესი არ ასახულიყო და ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, წარმატებით გავართვით თავი.“

პლატფორმას უკვე ჰყავს კორპორატიული პარტნიორები და მუდმივი მომხმარებლები. მეგობრები ცდლობენ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ადევნონ თვალი მომხმარებლების გამოხმაურებას, შეისწავლონ მათი მოთხოვნები, კმაყოფილება და სურვილები.

„იმატებს კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეცნობით ჩვენი მომხმარებლების სურვილებს და ვცდილობთ გავითვალისწინოთ. გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომლებზეც აქტიურად ვმუშაობთ და ვეცდებით უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ. დისტანციურ მომსახურებებზე გაზრდილი მოთხოვნა სწორედ ის დადებითი ცვლილებაა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია.“

საიტზე მომსახურება მარტივია და სრულად დისტანციურია. ამისთვის თქვენ უნდა დაუკავშირდეთ targmany-ს გუნდს, გადაუგზავნოთ დოკუმენტი, რომლის თარგმნაც გჭირდებათ და  მაღალკავლიფიციური პროფესიონალთა გუნდი, თარგმნილ დოკუმენტს დათქმულ ვადაში გადმოგიგზავნით.