თინათინ პაპაშვილი: „ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს…“

თინათინ პაპაშვილი: „ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს…“

როგორც ამბობენ, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც – თუ თქვენ ამ ფრაზის ნამდვილად გჯერათ და სამსახურსაც ეძებთ, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ დისტანციურად დასაქმების პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა Hiring.ge.

სტარტაპი თინათინ პაპაშვილმა პანდემიის პერიოდში დაარსა და როგორც სამსახურის მაძიებლები, ისე კომპანიები ერთ პლატფორმაზე გააერთიანა. კომპანიის მიზანი სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ციფრული ურთიერთობების გაუმჯობესებაა, რაც გამოიხატება დასაქმების პროცესის გამარტივებასა და  სრულად ონლაინ რეჟიმში გადასვლაში.

ვებგვერდზე, გარდა ვაკანსიების განთავსებისა, შესაძლებელია მომხმარებლის რეზიუმეს ატვირთვა, განცხადებების წინასწარ გამოწერა, სასურველი ქალაქის, პროფესიის, სფეროს, ხელფასის, და ა.შ. მითითება. ამასთანავე, აპლიკანტს საიტზე აქვს საკუთარი პროფაილი, სადაც ვაკანსიის ყველა ეტაპის შემდეგ, სამუშაოს მაძიებელი შეტყობინებას ავტომატურად იღებს.

კომპანიებისთვის კი  ვებ-გვერდზე შესაძლებელია საკუთარი გვერდის ბრენდირებისა და პერსონალიზაცია. ამასთანავე, კომპანიები საიტზე სრულყოფილი კალენდრის მოდულით ისარგებლებენ, რაც გულისხმობს გასაუბრებების დისტანციურად დანიშვნისა და ჩატარების, ასევე დროის ცვლილების შესაძლებლობასაც.

თინათინ პაპაშვილი პროფესიით IT პროექტების მენეჯერია, ჯერ მათემატიკაზე სწავლობდა, შემდგომ ეკონომისტის მაგისტრი გახდა, ათი წელი მუშაობდა საჯარო სექტორში და, პარალელურად, ლექციებს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური, ძიების პროცესში კი სარგებლობდა სხვადასხვა პლატფორმით. მიღებულმა გამოცდილებამ ქართულ HR ბაზარზე არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე დააფიქრა. ინფორმაციის სანდოობის პრობლემა, ევროკავშირის რეგულაციების დაუცველობა, საერთო სივრცისა და დამატებითი სერვისების არარსებობა –  ამ პრობლემების მცირე ჩამონათვალია. ასე გაჩნდა  მეგობრებთან, ვანო ნარიმანიძესთან და გიორგი გვასალიასთან ერთად, დისტანციურად დასაქმების ონლაინ პლატფორმის შექმნის იდეა.

“ვინაიდან ქართულ ბაზარზე არ არსებობობდა პროდუქტი, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა,   სრულად დაფარავდა და დისტანციურსა და ავტომატიზირებულს გახდიდა დასაქმების პროცესს ვაკანსიის გამოცხადებიდან – აპლიკანტის დასაქმებამდე, გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით პირველები და შეგვექმნა მსგავსი ტიპის უნიკალური პროდუქტი. იდეას ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში  ჩაეყარა საფუძველი. სულ მალე კი მსოფლიოში COVID19-ის პანდემია დაიწყო. ცხადია, გარკვეული რისკები არსებობდა, მითუმეტეს ახლა, ისეთ ეკონომიკურ პირობებისა და გამოწვევების  ფონზე, რაც დღეს ქვეყანას უდგას, თუმცა ვეცადეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იდეა განგვეხორციელებინა.“

Hiring  საინტერესოა როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ისე დამსაქმებელი კომპანიებისთვის. სტარტაპის მიზანია დაეხმაროს სამსახურის მაძიებლებს სასურველი ვაკანსიის პოვნაში, კომპანიებს კი – კადრების მოძიებაში. თინათინ პაპაშვილისთვის და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია დასაქმების ხელშეწყობა. Hiring-ზე კი ეს პროცესი გამარტივებულია, იზოგება დრო და ფული, ასევე პლატფორმა დაცული და გამჭვირვალეა ისეთ თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობით, როგორიც არის ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაცია – GDPR.

„ინოვაციური ფაქტია, ის რომ მონაცემების გაყალბებისგან თავის დაცვას  და გამჭვირვალობის დაცვას ვგეგმავთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრირების საშუალებით. ბლოკჩეინი საიტზე გამოყენებული იქნება იქ, სადაც პირადი, სენსიტიური ან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის ბლოკჩეინში დადასტურებაც სანდოობას აამაღლებს. ასეთი ინფორმაციაა, მაგალითად, სამუშაო გამოცდილება და განათლება.“

ქართულ HR ბაზარზე ხშირია შემთხვევები, როდესაც სამსახურის მაძიებლები კომპანიებისგან არ იღებენ უარის შესახებ შეტყობინებებს; პორტალზე კი შესაძლებელი იქნება  აპლიკანტებთან ამ ტიპის შეტყობინების  ავტომატური დაგზავნა. როგორც თინათინი ამბობს, კომპანიებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა პორტალის საშუალებით hiring პროცესის სრული ელექტრონიზაცია და ავტომატიზაცია. რისი მეშვეობითაც, ვაკანსიების გამოქვეყნება, აპლიკანტების გადარჩევა, კალენდარის მართვის სისტემა, ონლაინ გასაუბრება, ანალიტიკური სერვისების შეთავაზება – სრულად ავტომატიზირებული ხდება.

„აქტიურობის დონე სამკაოდ მაღალია.  მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაკარგა პანდემიის დროს სამსახური. შესაბამისად, გაზრდილია როგორც უმუშევართა, ისე დასაქმების პლატფორმების მომხმარებელთა რაოდენობაც. გვჯერა, რომ პლატფორმა, პანდემიის დასრულების შემდეგ, მეტად მოთხოვნადი გახდება  დამსაქმებლებისთვის, ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა მოიმატებს სამუშაო ადგილების რაოდენობაც.

„ჩვენ ვაკეთებთ  იმას, რაც გვიყვარს“ – ვებ-გვერდზე შესული მომხმარებელი სტარტაპის შესახებ ინფორმაციას სწორედ ამ სიტყვებით ეცნობა.  საყვარელ საქმესთან და ბიზნესთან  ერთად, თათია და მისი მეგობრები (ვანო ნარიმანიძე და გიორგი გვასალია) პლატფორმის მეშვეობით საკუთარ ცოდნას, პროფესიულ გამოცდილებას გვიზიარებენ და ქვეყანაში ინოვაციური სტანდარტების დანერგვას უწყობენ ხელს.

ავტორი: ნათია კეკენაძე