თათია ხაინდრავა: „დისტანციური სერვისების სფერო გაძლევს რისკების და ინვესტიციების გაწევის ოპტიმიზაციის საშუალებას…“
ყოველდღიურად საჩუქარს უამრავი ადამიანი ეძებს. საჩუქარს ვარჩევთ ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის და სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც კი. ეს საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი პროცესი, ბევრ თავისუფალ დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სტარტაპი კი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, დროის დაზოგვასა და საუკეთესო საჩუქრის შერჩევაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
Wowchy-ზე, პირველ ქართულ სასაჩუქრე ბარათების ონლაინ პლატფორმაზე, შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, მარტივად შეარჩიოთ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები, გადაიხადოთ თანხა ონლაინ, საიტზევე აარჩიოთ ბარათის განსაკუთრებული შეფუთვა, დაურთოთ ინდივიდუალური ტექსტი და მიიღოთ საჩუქარი სასურველ მისამართზე.
კომპანიამ ოპერირება 2020 წლის სექტემბერში, პანდემიის პერიოდში დაიწყო და დღეს უკვე 40-ზე მეტ ბრენდთან თანამშრომლობს. Wowchy -ის დამფუძნებელი თათია ხაინდრავა გვიყვება, რომ სტარტაპის დაარსება, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა დისტანციურმა რეჟიმმა და ონლაინ მომსახურების სერვისებზე ხელმისაწვდომობამ, wowchy-ის და მისი მომხმარებლის ურთიერთობა გაამარტივა.
თათია ხაინდრავა (საჩუქრების ონლაინ პლატფორმის wowchy -ს დამფუძნებელი):
„წამოიწყეთ ისეთი საქმე, რასაც მინიმალური ინვესტიცია სჭირდება. ტექნოლოგიების და დისტანციური სერვისების სფერო გაძლევს რისკების და ინვესტიციების გაწევის ოპტიმიზაციის საშუალებას. მთავარია, ამ რთულ პერიოდში შეარჩიოთ სწორი გუნდი, რომელიც მაქსიმალურად იქნება შეყვარებული იმ საქმეზე, რომელსაც ერთად გააკეთებთ. სტარტაპს ხშირად უწევს არანორმირებულ გრაფიკში მუშაობა. და თუ ის საქმე არ გიყვარს, რასაც აკეთებ, წარმატების მიღწევა რთული იქნება.“
თათია ხაინდრავას ეს რჩევა იმ ქალებისთვისაა, რომლებსაც საკუთარი იდეების ბიზნესად გადაქცევა სურთ. ვაუჩი მისთვის უკვე საყვარელი საქმიანობაა. გეგმავს სტარტაპის განვითარებას და გაფართოვებას. სულ მალე, ვებ-გვერდის გარდა, აპლიკაციაც იარსებებს. თუმცა, ვაუჩამდე იყო ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულ ადამიანებს – მეგობრებს უკავშირდება.
„მეგობრისთვის იუბილეზე საჩუქრის შერჩევა ძალიან გამიჭირდა. მაღაზიებში ყველგან რიგები იყო და სამსახურიდან შესვენებაზე გასულმა ვერაფრით მოვასწარი სასურველი ბრენდის სასაჩუქრე ბარათის შერჩევა და შეძენა. სწორედ მაშინ დამებადა “ვაუჩiს” შემქნის იდეა და გავუზიარე გიოს, რომელიც განხორციელებაში დამეხმარა.“
მეგობრისთვის იდეის გაზიარების შემდეგ, შეიქმნა საიტი www.wowchy.ge რომელიც საჩუქრის მაძებარ ადამიანებს საქართველოში მოქმედი ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენას სთავაზობს. დაბადების დღის, ქორწილის, ბავშვის დაბადების, ახალსახლობის, ვალენტინობის, დედის დღის, 8 მარტის, ახალი წლისა და სხვა განსაკუთრებული დღეებისთვის სასაჩუქრე ვაუჩერებს სწორედ ამ საიტზე გაეცნობით. წარმოდგენილ კატეგორიებში: „ტექნიკა“, „ჩაცმა“, „აქსესუარები“, „სახლისთვის“, „თავის მოვლა“, „საბავშვო“, „საახალწლო“, „made in Georgia“, „წიგნები“ – არსებულ ვაუჩერებს კურიერი სასურველ ადგილზე მიიტანს.
„საჩუქრის შერჩევა ბევრ თავისუფალ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ძნელია ისეთი საჩუქრის მოძიება, რომელიც ადრესატს მართლა მოეწონება და გამოადგება. ფულის ჩუქება კი ერთგვარად ბანალური, მოძველებული ჟესტია. ვაუჩი კი შეიქმნა იმისთვის, რომ ეს რთული და მოუწესრიგებელი პროცესი ადამიანებისთვის მაქსიმალურად გავამარტივოთ და კომფორტული გავხადოთ.“
რატომ ვაუჩი? – იმის გარდა, რომ მომხმარებელი თავიდან იცილებს ზედმეტ ხარჯებს, პანდემიის პირობებში მისთვის ვაუჩზე შოპინგი პირბადის და რიგში დგომის გარეშე, კომფორტული ხდება. თუმცა, კიდევ არის ერთი დეტალი – ჩვენ საჩუქარს „გადაჩუქება“ აღარ დაემუქრება.
„ზუსტად იცით, რომ თქვენ მიერ ნაჩუქარ სასაჩუქრე ბარათს ადრესატი გამოიყენებს, იმ უამრავი არასწორად შერჩეული საჩუქრისგან განსხვავებით, რომლებიც სულმოუთქმენლად ელიან ახალ დაბადების დღეს, რომ „გადაჩუქდნენ“- გვეუბნება თათია.
საიტი სულ ახლახანს განახლდა, თათიამ და მისმა პარტნიორმა, გიო ლეჟავამ მომხმარებლის ქცევის ანალიზის შედეგად საიტის დიზაინი შეცვალეს. გეგმავენ ბრენდების სიის გაფართოებას და პროდუქტის სრულად გაციფრულებას. შეიქმნება ვებ-გვერდის ანალოგი აპლიკაცია. სტარტაპს ამჟამად მხოლოდ ფიზიკური ვაუჩერები აქვს, თუმცა, თათიას თქმით, მალე პლატფორმაზე ციფრული ბარათიც დაემატება. რაც პარტნიორი კომპანიებისთვისაც მოსახერხებელი იქნება.
„ადრესატი ლამაზად გაფორმებული მეილით, ან მესიჯით მიიღებს სასაჩუქრე ვაუჩერს და QR კოდით შეიძენს შემდეგ საჩუქარს. ცხადია, დავტოვებთ ფიზიკურ ბარათსაც. ვფიქრობთ, ჩვენი მომსახურება ასე კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ეს სიახლე მოსახერხებელი იქნება პარტნიორებისთვისაც, ყველას აქვს შესაბამისი სისტემა, თანაც გარკვეულ რესურსებსაც დაზოგავენ.“
„ვაუჩის“ მომხმარებელი ქართველი ემიგრანტებიც არიან, მათთვის განსაკუთრებით კომფორტული აღმოჩნდა მონატრებული ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება ვაუჩის პლატფორმის საშუალებით. თათია და მისი გუნდი ცდილობს მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლების სურვილებს. იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც საახალწლო პერიოდში მიტანის სერვისის შეფერხებების გამო, სასაჩუქრე ბარათებს თავად დაატარებდა და თან მეუღლეც ეხმარებოდა.
„საახალწლო პერიოდში მიტანის სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემური იყო შეფერხებების და დიდი მოცულობის შეკვეთების გამო, ამიტომ მომხმარებლებისთვის კომფორტული და შეუფერხებელი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფისთვის ამ პერიოდში ჩვენ დაგვქონდა ხშირად მისამართებზე შეკვეთები“.
თათიას სტარტაპთან დაკავშირებით ბევრი იდეა აქვს. გარდა პროდუქტის სრულად გაციფრულებისა, აპირებს მომხმარებლებისთვის Shared Wallet-ის შეთავაზებას. რაც მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად საჩუქრის ყიდვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
„ხშირად, მეგობრები ან თანამშრომლები ყიდულობენ საჩუქრებს და უწევთ, ერთ-ერთის ანგარიშზე ჩარიცხონ და მან გადაიხადოს მთელი თანხა. „საერთო საფულეს“ ექნება ერთი ანგარიში, სადაც ყველა მონიშნული პიროვნება შეძლებს თანხის გადმორიცხვას. ასე მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება ჩვენი პლატფორმა.“
როგორც თათია ამბობს, wowchy განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს გადის, იცვლება საიტისა და შეფუთვების დიზაინი, იზრდება შემოთავაზებების რაოდენობაც და რაც მთავარია, ყოველდღიურად ემატებიან სტარტაპს პარტნიორი კომპანიები. ეს კი, მრავალფეროვანი შემოთავაზებებიდან, მომხმარებლისთვის საუკეთესო საჩუქრის შერჩევის წინაპირობაა.
ავტორი: ნათია კეკენაძე