მეწარმე ქალები დიდი ბრიტანეთიდან

მეწარმე ქალები დიდი ბრიტანეთიდან

ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თქვენი ბიზნესის დასაწყებად – თუ ევროპის მასშტაბით ახალი ბიზნესის წამოწყებას აპირებთ და ამ წამოწყებისთვის მარტივ გზასა და ნაყოფიერ ნიადაგს ეძებთ, მაშინ ძიების პროცესში ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყნების ჩამონათვალში დიდ ბრიტანეთს აუცილებლად შეხვდებით. ძლიერი ინფრასტრუქტურა, გამარტივებული პროცედურები და მოქნილი საგადასახადო სისტემა დამწყებ მეწარმეებს მეტ შესაძლებლობას აძლევს დაიწყონ, წარმატებით მართონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ქალი მეწარმეების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს, მაგრამ ამ რაოდენობის ზრდის ტემპი ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი მეწარმეების რაოდენობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში მათი როლი კიდევ უფრო ნათლად აჩვენა. ამის არაერთი მაგალითი კი ის მეწარმე ქალები არიან, ვინც დღეს დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორში მოწინავე პოზიციებს იკავებენ და ვის შესახებაც საინტერესო ისტორიებს აუცილებლად გაიმბობთ.

ლონდონის ერთ-ერთი საკონსულტაციო კომპანიის UENI მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების მიხედვით, 22 257 გამოკითხული ბიზნესიდან, დაახლოებით 7205 წამოწყებულია ქალების მიერ, რაც პროცენტულად 32.37%-ს შეადგენს. ეს ციფრები შესანიშნავი ნახტომია მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ, იგივე წყაროს თანახმად, ქალი მეწარმეების რაოდენობა მხოლოდ 17% იყო. დაფინანსების მოპოვება, გენდერული მიკერძოება, წარუმატებლობის შიში, მენტორების ნაკლებობა პრობლემების ის ჩამონათვალია, რასაც ბიზნესის მხარდამჭერი აპლიკაციის Invoice2go ვებ-გვერდზე იმ სიაში შევხვდებით, რის გადაჭრასაც დიდი ბრიტანეთი ბოლო წლების განმავლობაში ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. ამისთვის არაერთი ქსელი შეიქმნა, სადაც ქალები ერთმანეთს ინსპირაციული იდეების, რჩევებისა თუ ისტორიების გაზიარების საშუალებით მნიშვნელოვან ბიძგს აძლევენ. პარალელურად,  UK BLOG For Business & Startup იუწყება, რომ უკვე შემდგარი წარმატებული ქალი მეწარმეები ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ავსებენ და ამ წარმატებული ქალების შესახებ სხვადასხვა საინტერესო ისტორიას გვიამბობს.

აღნიშნული წყაროს თანახმად, დიდ ბრიტანეთში წარმატებულ მეწარმე ქალებს შორის პირველ ადგილს საერთაშორისო მეწარმე, სპიკერი, ავტორი მონიკა იტონ-კარდონე იკავებს, რომელიც მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და მიღწევებით დიდი ბრიტანეთისა და, არამხოლოდ, ქალ მეწარმეებს შორის ნამდვილად გამოირჩევა. მონიკა კარდონე  დღეს მსოფლიოში ცნობილი სამი კომპანიის სათავეში დგას – საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Global Risk Technologies, რომელიც საგადასახადო ინდუსტრიის მიმართულებით რისკების შემსუბუქებას და დინამიურ მომსახურებას უზრუნველყოფს, მისი შვილობილი კომპანია Chargebacks911, რომელიც მომხმარებლებს ბიზნესის სფეროში ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებაში ან უკვე დაკარგული შემოსავლის უკან დაბრუნებაში ეხმარება და ასევე, ვაჭრობის სფეროში შუამავალი კომპანია eConsumer services. მონიკამ პროფესიული განვითარება ძალიან პატარამ, 12 წლის ასაკში დაიწყო, ძალიან მალე კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან თანამშრომლად იქცა და გარშემო ყველას დაუმტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 16 წლის იყო, როცა საშუალო სკოლა დაამთავრა. კოლეჯში სწავლის პარალელურად ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობდა. უკვე 19 წლის ასაკიდან კი ბიზნეს-სექტორის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთო, წამოიწყო რამდენიმე წარმატებული ბიზნესი და, დროის გასვლასთან ერთად, ამ სფეროში მასზე მოთხოვნაც თანდათან გაიზარდა. თუმცა იმ გამოწვევებმა და სირთულეებმა, რაც მას სხვადასხვა დროს საკუთარი ბიზნესის მართვის პროცესში  შეექმნა, მონიკას სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელი გზების ძიება და ამ გზების პოვნის შემდეგ სხვების დახმარებაც გადააწყვეტინა, რაც საბოლოო ჯამში წარმატებულ ბიზნესად აქცია. ქალი ბიზნესმენი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული, წამოიწყო სტუდენტების წამახალისებელი პროგრამა და მათ კარიერული დაგეგმვის პროცესში და ცხოვრებისეული უნარების შეძენაში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. მონიკა კარდონე ბევრ ჯილდოსთან ერთად, 2019 წელს ლონდონის ქალთა დაჯილდოების ცერემონიაზე წლის გლობალურ ლიდერადაც დასახელდა.

https://www.scampspeakers.co.uk/-ის თანახმად, მსოფლიოს 50 საუკეთესო მეწარმე ქალს შორის არის დიდ ბრიტანეთში ყველაზე გავლენიანი ქალი ლიდერი კარენ ბრედი, რომელიც დღეს საფეხბურთო კლუბის West Ham United F.C. აღმასრულებელი დირექტორი, პარალელურად კი პოლიტიკოსი, სატელევიზიო ვარსკვლავი, გაზეთის მიმომხილველი და რომანისტია. კარენი ლონდონში დაიბადა, მისი საცხოვრებელი სახლი საფეხბურთო კლუბის Tottenhem Hotspur F.C. მოედანთან ახლოს იყო და, შესაძლოა, სპორტისადმი მისი ინტერესიც სწორედ აქედან მოდის. კარენს ჰარლოუს კოლეჯში ჟურნალისტიკის კურსზე მიღებაზე უარი უთხრეს, სწორედ ამ უარის შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი მარკა შეექმნა. ერთი წლის შემდეგ ლონდონის სამაუწყებლო კომპანიას LBC სარეკლამო ანგარიშის აღმასრულებლის რანგში შეუერთდა, წარმატებული საქმიანობის შემდეგ კი, 20 წლის ასაკში, ბრიტანული საგამომცემლო ფირმის Sports Newspapers ერთ-ერთი დირექტორი გახდა. ბევრი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, სპორტისა და ბიზნესის სფეროში საკუთარ ნიშანის შექმნა მართლაც მოახერხა – მაშინ, როდესაც ჯერ საფეხბურთო კლუბის Birmingham City F.C. ხელმძღვანელი იყო, 2010 წლიდან კი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო კლუბს West Ham United F.C. უდგას სათავეში. ამის პარალელურად ის არის ბრიტანული მულტიმედიური კომპანიის Syco Entertainment მთავარი კონსულტანტი და გაერთიანებული სამეფოს კომერციული ორგანიზაციის UK plc მმართველი დირექტორი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მსოფლიოში კი კარენ ბრედი ერთ-ერთ საუკეთესო სამოტივაციო სპიკერად არის მიჩნეული.

წარმატებული ქალი მეწარმეების სიაში საპატიო ადგილს იკავებს სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, გლობალური სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ადვოკატირების ჯგუფის SEC Newgate აღმასრულებელი დირექტორი ემმა კეინი. მისი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის ინვესტიციების ალტერნატიულ ბაზარზეა (AIM) წარმოდგენილი, 31 ქვეყნის მასშტაბით მუშაობს და მსოფლიოს უდიდეს 30 სააგენტოს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს. ემმა კეინმა კარიერული განვითარება 1986 წელს დაიწყო, მაშინ, როცა ჯერ უმსხვილეს ფინანსურ და კორპორატიულ საკომუნიკაციო კომპანიაში Dewe Rogerson დასაქმდა, მოგვიანებით კი ფინანსურ საინფორმაციო ორგანიზაციაში ProShare კომუნიკაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ საბროკერო, საბანკო და საფინანსო საკონსულტაციო კორპორაციის საინვესტიციო მომსახურებას ჩაუდგა სათავეში, უკვე მოგვიანებით კი საკუთარი სააგენტო Redleaf Communications დააარსა, რომელიც 2018 წელს გაფართოვდა და SEC Newgate ჯგუფად გარდაიქმნა და რომლის აღმასრულებელი დირექტორიც დღეს, ცხადია, ემმა კეინია. მეწარმეობასთან ერთად, ემმა გატაცებულია ხელოვნებით და აქტიურად არის დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით – ის საქველმოქმედო ორგანიზაციის Target Ovarian Cancer თავმჯდომარეა, 2020 წლის ივლისში კი ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის საბჭოსაც შეუერთდა.  ემმა 2020 წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე გავლენიან პიარ სახელმძღვანელოში PR Week UK Power Book შედიოდა.

ბიზნეს წყაროს UK BLOG For Business & Startup მიერ გამოქვეყნებული უკვე შემდგარი და წარმატებული ქალი მეწარმეების ჩამონათვალისგან განსხვავებულია ის სია, რომელსაც ინტიუციურ მონაცემთა პლატფორმის Beauhurst გვერდზე შეხვდებით, თუმცა საერთო ის აქვთ, რომ ორივე მათგანი დიდ ბრიტანეთში წარმატებული ქალი მეწარმეების შესახებ წერს. Beauhurst 30 წელზე ახალგაზრდა ქალების წარმატებულ ბიზნესებზე საუბრობს.

მათ შორის პირველ ადგილს დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე ქალი, კულინარიის ვარსკვლავი, ბლოგერი ელა მილსი იკავებს. მის მიერ დაარსებული კომპანია Deliciously Ella კულინარიის მიმართულებით არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია სახელგანთქმული. ყველაფერი კი საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ელა მილსს 2011 წელს  პოსტურალური ტაქიკარდიის სინდრომი დაუდგინეს, რომელიც გულის რიტმს არღვევს და საჭმლის მომნელებელ სისტემას უქმნის პრობლემებს. ამ დიაგნოზმა ელაზე დიდი გავლენა იქონია, გადაწყვიტა საკუთარი მდგომარეობა კარგად გაეანალიზებინა და ემართა. სწორედ ამიტომ ცხოვრების წესი შეიცვალა და დიეტას მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ დიეტური კერძების მომზადების გამოცდილება არ ჰქონდა, სხვადასხვა ინფორმაციას ეცნობოდა, საკუთარი კულინარიული ექსპერიმენტების დღიურის წარმოება დაიწყო, რაც საბოლოოდ მისი წარმატების მთავარ გასაღებად იქცა. ელამ ძალიან მალე სამოყვარულო დონეზე შექმნილი ბლოგი პატარა იმპერიად აქცია, რომელიც დღეს აპლიკაციას Deli, რეცეპტების წიგნების მთელ კოლექციას, პოდკასტების სერიას და მცენარეული საკვები პროდუქტების სპექტრს მოიცავს და მთელი სოციალური მედია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ელას კომპანიის მიერ შექმნილი აპლიკაცია Deli დიდი ბრიტანეთის წამყვან ჟურნალში Food & Drink პირველ ადგილზე აღმოჩნდა. დღეს ელა კომპანიას 50 კაციან გუნდთან ერთად მართავს და ამჟამად ინოვაციურ დანამატებზე, სტაბილიზატორებზე, კონსერვანტებსა და კვების პროდუქტებზეა ორიენტირებული, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტებში ვრცელდება.

დიდ ბრიტანეთში ბიზნეს სფეროში წარმატებას მიაღწია ავსტრიელმა მაია ფინდეუსმაც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიის HUMANISING AUTONOMY თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია კერძო ავტომობილებისთვის უნიკალურ პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, რომელიც ქვეითად მოსიარულეთა ქცევას აანალიზებს და პროგნოზირებს, რაც საგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ პრობლემის მოგვარებამ  კერძო ავტომობილების ეფექტურად მუშაობას შეუწყო ხელი, თუმცა ეს პრაქტიკა ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს არსებულ ტექნოლოგიებშიც, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ მაია ფინდეუსმა კომპანია მხოლოდ 2017 წელს დააფუძნა, ის გლობალურ დონეზე უკვე მუშაობს და ტექნოლოგიების განვითარების საქმეში თავის მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. კომპანიამ კაპიტალი მთელი მსოფლიოდან მოიზიდა, მათ შორის ისეთი ფონდებისა და კორპორაციებისგან, როგორიც არის: Anthemis Group, German fund Amplifier, Global Brain Corporation, Synapse Partners. დამფუძნებელი მაია ფინდეუსი კი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში ბიზნესის დაწყებამ საშუალება მისცა ღირებული პროფესიონალური ქსელი აეშენებინა, კომპანიაში არსებული გენდერული ბალანსი და ასაკობრივი მრავალფეროვნება კი მისთვის წარმატების მთავარი საზომია.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ წარმატებიდან, რომელსაც ბიზნესში ჩართულმა ქალებმა მიაღწიეს. ისინი არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო ბიზნეს ისტორიას ახლიდან წერენ.