Learn with Nataly – ნატალია ჯღამაძის ონლაინ სკოლა უცხო ენების შესწავლის მსურველთათვის

Learn with Nataly – ნატალია ჯღამაძის ონლაინ სკოლა უცხო ენების შესწავლის მსურველთათვის

„რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ“ – უცხო ენების ცოდნის მნიშვნელობაზე საუბრისას, პირველი ალბათ რაც ყველას გვახსენდება, ეს გამოთქმაა. გლობალიზაციის პირობებში, ენების ცოდნა კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს  და შრომის ბაზარზეც გაცილებით კონკურენტუნარიანს გხდის. სწორედ ამიტომ, ჩვენს გარშემო უცხო ენების არაერთი მასწავლებელი, უამრავი ცენტრი თუ ონლაინ პლატფორმა არსებობს, რომლებიც ენების შესწავლის მსურველებს სწავლის სხვადასხვა მეთოდს სთავაზობენ. თუმცა სწავლა და, განსაკუთებით, უცხო ენების შესწავლა გაცილებით მარტივი, საინტერესო და სახალისოც კი ხდება, თუ სწავლების პროცესს თან სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებიც ახლავს. სწორედ ამ მიზნით პანდემიის პერიოდში, ქართულ ბაზარზე ენების შემსწავლელი ახალი ონლაინ სკოლა Learn with Nataly შეიქმნა, სადაც პროფესიონალები სხვადასხვა ენას სხვადასხვა ქვეყნიდან დისტანციურად ასწავლიან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უცხო ენების სწავლის მსურველებს.

ახალი ონლაინ სკოლის დამფუძნებელი იტალიური და ინგლისური ენების სპეციალისტი ნატალი ჯღამაძეა. ნატალიმ იტალიური ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში ისწავლა, მაშინ როდესაც აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამის ფარგლებში იტალიაში გაემგზავრა და ბავშვობის წლებიც სწორედ იქ, ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახში გაატარა. იტალიური ენით ბავშვობისდროინდელი გატაცება მოგვიანებით უკვე პროფესიად აქცია, როდესაც იტალიური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ჩააბარა. თუმცა, ენების მიმართ ინტერესი ამით არ დასრულებულა. მაგისტრატურაზე სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გააგრძელა და ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო. წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულს, მასწავლებლობაზე უარი არასდროს უთქვამს. მეტიც, დროის გასვლასთან ერთად, ხვდებოდა, რომ ეს საქმე დამატებით შემოსავლის წყაროზე გაცილებით მეტი იყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, მასწავლებლობის ძირითად საქმიანობად ქცევის გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. პანდემია კი თითქოს მისთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელმაც დიდი ხნის სურვილი რეალობად უქცია.

„სტუდენტობიდან მოყოლებული, მუდმივად მყავდა მოსწავლეები, რომლებსაც იტალიურ და ინგლისურ ენებში ვამზადებდი. ეს საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის ერთგვარი ნავსაყუდელი იყო. მგონია, რომ ამ ურთიერთობებზე უფრო ლამაზი და საინტერესო არაფერი არ არის. სწორედ ამიტომ, იდეის დონეზე, მინდოდა ეს საქმიანობა ჩემს მთავარ პროფესიად მექცია პანდემიამ კი, ასე ვთქვათ, ჩემს მიჩქმალულ ოცნებას ფრთები შეასხა და დამარწმუნა, რომ სწორედ ახლა არის დრო, ვაკეთო ის საქმე, რაც მაბედნიერებს.“

შერჩეული დროისა და გადაწყვეტილების სისწორეში ნელნელა დარწმუნდა. თავდაპირველად, თითქოს, ბევრი არც არაფერი შეცვლილა – ნატალის მიერ გახსნილ ონლაინ სკოლას სულ ორი თანამშრომელი ჰყავდა – ნატალი – ახლადგახსნილ სკოლაში ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც ძველ თუ ახალ მოსწავლეებს იტალიურ და ინგლისურ ენებში დისტანციურად ამეცადინებდა და სოციალური მედიის მენეჯერი, ვინც სკოლის Facebook და Instagram გვერდებს მართავდა. თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა. ონლაინ სკოლის გახსნას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და პოპულარობაც მცირე პერიოდში მოიპოვა. უცხო ენებში მომზადების მსურველთა რაოდენობამ კი ნელნელა ისე მოიმატა, რომ იტალიურ და ინგლისურ ენებთან ერთად, სკოლამ მსურველებს გერმანული და ესპანური ენების შესწავლაც შესთავაზა, რამაც Learn with Nataly-ის თანამშრომლების რაოდენობაც გაზარდა და  საზოგადოების მხრიდან დაინტერესებაც.

„როცა მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა, მივხვდი, რომ მარტო თავს ვერ ვართმევდი. ინგლისურ ენის სპეციალისტის ძებნა დავიწყე. ამ ზიების პროცესში აღმოვაჩინე ახლობელი გერმანელი გოგონა და გამიჩნდა იდეა ამეყვანა არა როგორც ინგლისურის, არამედ გერმანული ენის მასწავლებლად. ხალხმა ეს იდეა იმდენად აიტაცა, ინგლისურის მასწავლებლად ამერიკელი ავიყვანე, ცოტა ხანში კი ესპანური ენის სპეციალისტიც გავიცანი. ასე ჩამოვყალიბდით და დღეს უკვე გვყავს ათი თანამშრომელი, ყველა, ასე ვთქვათ, „ნეითივ სფიქერი“,“ – ამბობს ნატალი.

დღეს ონლაინ სკოლას 60-მდე მოსწავლე ჰყავს, როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ესტონეთიდან. მეცადინეობები ინდივიდუალურ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და სასწავლო პროგრამაც თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურია – მათი ცოდნისა და მიზნების შესაბამისად. სწავლების პროცესის გარდა კი, მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულები. როგორც სკოლის დამფუძნებელი ამბობს, ენის სწავლების პროცესი მხოლოდ გრამატიკისა და სალაპარაკო დონეზე ენის შესწავლას არ უნდა ემსახურებოდეს.

“სასწავლო პროგრამა წლების განმავლობაში გამოცდილი და აპრობირებული გვაქვს. თუმცა, ამის გარდა, ვიყენებთ სხვა სასწავლო მასალასაც, რომლებიც კონკრეტულად მოსწავლესა და მის ინტერესებზეა მორგებული. ზოგადად, ენის სწავლების პროცესი ნიშნავს, რომ იმ ქვეყნის კულტურას, ისტორიას ეცნობი, რომლის ენასაც სწავლობ. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვუყურებთ ფილმებს, სერიალებს, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებს. გარდა ამისა, მგონია, რომ ენის შესწავლასთან ერთად, აუცილებელია სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი თემის მიმოხილვაც.“

ონლაინ სკოლის განვითარებასაც სწორედ ამ მიმართულებით ხედავს. პანდემიის დასრულებისთანავე გეგმავს Learn with Nataly კულტურულ-შემეცნებით ცენტრად აქციოს, სადაც უცხო ენების სწავლებასთან ერთად, მოეწყობა გამოფენები, ფილმების ჩვენებები, იქნება წიგნის მაღაზია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასარგებლო საქმის კეთებასთან ერთად, დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობაც ექნებათ. მიზანიც სწორედ ეს არის – პანდემიის პირობებში შექმნილმა ონლაინ სკოლამ უცხო ენების სწავლების პროცესი განტვირთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად აქციოს.

ავტორი: გვანცა ბზიავა