მზია ბენდელიანი: „ბიზნესი და მატერიალური უზრუნველყოფა თავისუფალს ხდის ადამიანს…“

მზია ბენდელიანი: „ბიზნესი და მატერიალური უზრუნველყოფა თავისუფალს ხდის ადამიანს…“

     მზია ბენდელიანი 55 წლისაა.   ქართული  ბიონედლეულისგან დამზადებული პურპროდუქტებით ქუთაისის სუპერმარკეტების თითქმის ყველა ქსელს ამარაგებს.  პურის უნიკალური ტექნოლოგიით ცხობა 2017 წელს დაიწყო და, თავიდან, პროდუქციას დღეში მხოლოდ 5 კილოგრამი ფქვილისგან ამზადებდა. დღეს ეს ციფრი რამდენიმე ასეულით გაიზარდა. თუმცა , გაჩერებას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ თავთუხის პურს, მალე, დედაქალაქის მომხმარებელსაც შეაყვარებს.   

 

_ „ქუთაისის ძირძველი ოჯახის შთამომავალი ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ  ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ყოველთვის მინდოდა ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომლითაც მომხმარებელს ვასიამოვნებდი და  გავაკვირვებდი. სხვადასხვა პერიოდში პატარა საცხობები  მქონდა, მაგრამ 2016 წელს გადავწყვიტე სამთავრობო პროექტ „აწარმოე სართველოში“  მიმეღო მონაწილეობა. დავიწყე ფიქრი – ამ სფეროში, რომელსაც ასე თუ ისე ვიცნობდი და განათლებაც მქონდა, რა სიახლის გაკეთება შეიძლებოდა. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არსებობს ბიომეურნეობათა გაერთიანება “ელკანა“, რომელმაც აღადგინა ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები – წითელი დოლი, შავფხა, თავთუხი,  დიკა, ბაინდური და სხვა. ბიომეურნე ანზორ მაისურაძე პიონერი იყო ამ საქმეში, რომელმაც შეძლო და მისთვის ლამის თვლით გადაცემული ხორბლის რამდენიმე მარცვლისგან ჰექტრობით უნიკალური ჯიშის პურის ყანა მიიღო. ამ ამბავმა ძალიან მომხიბლა. მომინდა, ბიონედლეულისგან გამომეცხო პური. ასპროცენტიანი ეკოლოგიური სისუფთავისთვის კი ცომის პურის დედით მოზელა გადავწყვიტე და  მივიღეთ სრულიად უნიკალური პროდუქტი, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ისე – გემოთი“.

 

მზია ბენდელიანს პროექტი დაუფინანსდა. წარმოება 2017 წლის მარტიდან დაიწყო. საწარმო ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლის ეზოში ააშენა . იქვე სარეალიზაციო პუნქტი გახსნა და „პურის სახლი თავთუხი“ დაარქვა. პროდუქციას დაცეხვილი ფქვილით ამზადებენ. ცეხვილ პურში კი ხორბლის ყველა სასარგებლო თვისებაა შენარჩუნებული.  მათი პროდუქციის მაღალი ხარისხი ლაბორატორიულმა კვლევებმაც დაადასტურა. ამის მიუხედავად,  საწარმოს პრობლემები მაინც შეექმნა.

 

_ „ხალხმა ჩვენი პროდუქტი არ მიიღო. საქმე ისაა, რომ უსაფუარო პურს წონა აქვს, მაგრამ დიდი ზომის არაა. მისი ნედლეული კი ძვირია, რაც პროდუქტის ფასსაც ზრდის. ამიტომ, მომხმარებელი ამბობდა, რომ ამ ფასისთვის ძალიან პატარა პურია. თანაც, თავიდან ქაღალდში ვფუთავდით, რის გამოც პური მალე მაგრდებოდა და ამის გამოც იწუნებდნენ. მაღაზიებში რომ შეგვქონდა, გვიხდებოდა იმის მტკიცება, რომ ეს ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ზარალი გვქონდა. მივიტანდით 10 პურს და 8 უკან მოგვქონდა. მერე მოვიფიქრეთ, რომ პური უფრო ჰერმეტულად შეგვეფუთა და დაგვჭერა, რამაც პროდუქცია ცოტა დაარბილა, ვიზუალურადაც მომგებიანი გახდა და რეალიზაცია ოდნავ გაიზარდა, მაგრამ საწარმოს მუშაობისთვის ეს საკმარისი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები არ გვიწყობდა ხელს, გადავწყიტეთ, მომხმარებლისთვის უფასო დაგემოვნება შეგვეთავაზებინა და  ეს პროცესი რამდენიმე დიდ სუპერმარკეტში დავიწყეთ. გემოს გასინჯვამ ხალხი მოიზიდა და, დაახლოებით ექვს თვეში, რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა. პირველად ,,დეილის” სუპერმარკეტების ქსელში შევედით. წყალტუბოში ვამარაგებდით სასტუმრო „პლაზას“ . როდესაც ცნობადობა გაგვეზარდა, უკვე „მწვანე მარკეტში“ შევედით . თავიდან მაღაზიის მენეჯერებთან მოლაპარაკება ძალიან რთული იყო. გვეუბნებოდნენ, რომ არ გაიყიდებოდა.ზოგადად, პროდუქციის მიმართ მენეჯერის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კარგ ადგილზე დაალაგებდნენ ჩვენ პურს და მომხმარებელსაც ურჩევდნენ, გაყიდვებზე აუცილებლად აისახებოდა ხოლმე.  ახლა ქუთაისის სუპერმერკეტების თითქმის ყველა ქსელში ნახავთ ჩვენ პურს.

 

თუმცა, ეს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმად არ მიმაჩნია. იმისთვის რომ, თუნდაც უკვე მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს, მუდმივი განვითარებაა საჭირო.  მეწარმე  მუდმივად უნდა ცდილობდეს ბაზრის ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. უნდა იკვლევდეს ბაზარს. აი, მაგალითად, თუ დავინახავ, რომ ახალი ობიექტი გაიხსნა  და ხალხს განსხვავებულ პროდუქციას თავაზობს, მეც აუცილებლად უნდა შევიტანო ნაწარმში რამე სიახლე, რომ ჩემმა მომხმარებელმა არ მოიწყინოს. მხოლოდ მატერიალური გათვლებით, თუნდაც უკვე აწყობილი საქმე, დიდხანს ვერ გაგრძელდება. მთავარი მამოძრავებელი კი, ჩემი აზრით, ენთუზიაზმი და იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებ“.

 

 

იდეის საქმედ ქცევაში მზია ბენდელიანს, ენთუზუაზმთან ერთად, პროფილური განათლებაც დაეხმარა. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მიღებული განათლებას, საკმარისად არ მიიჩნევს და უახლოეს მომავალში ახალი პროფესიის – მარკეტინგის და მენეჯმენტის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას გეგმავს.


-„
პურის ცხობა თითქოს ქალების უმეტესობამ იცის, მაგრამ ამ საქმის ტექნიკური მხარის პროფესიულ დონეზე ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. საწარმოში არის ბევრი დანადგარი და პერიოდულად, მწყობრიდან გამოდის. ცომი კი არ იცდის, გარკვეული დროის მერე აუცილებელია,გამოცხვეს, თორემ გაფუჭდება.  ეს ტექნიკური მხარე, რომ ნასწავლი არ მქონდეს და ვერ ვერკვეოდე, ძალიან გამიჭირდებოდა. კარგი იქნებოდა,  ახალგაზრდობაში მარკეტინგი და მენეჯმენდიც შემესწავლა.  თუმცა, არ მიმაჩნია, რომ გვიანია, ახლაც ვაპირებ შესწავლას.    ადვილი არ იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისება, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ეს  გაზრდიდა შესაძლებლობებს და მომხმარებლამდე ჩემი პროდუქციის შესახებ სიახლეების მიწოდებას გააადვილებდა, ძალიან მალე ვისწავლე.  მიმაჩნია, რომ სათანადო განათლება უმნიშვნელოვანესია და არასოდესაა მისი მიღება გვიანი.

 

ზოგადად, ჩემ საქმეში პროფესიონალის და შესაბამისი განათლების მქონე პერსონალის პოვნა ძალიან ძნელია. პურის  მცხობელი თითქმის ყველა თვითნასწავლია.  ტექნიკოსი კი მთელ ქალაქში ერთია. მაგალითად, გუშინ ღუმელი გაგვიფუჭდა და აღმოჩნდა, რომ იმ ერთადერთ ელექტრიკოსს  კოვიდი აქვს,  ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდით.

 

პანდემიამ ჩვენ საქმეზეც იქონია უარყოფითი გავლენა. რეალიზაციაც შემცირდა.  თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დავზარალდით. დღეის მონაცემებით, დღე-ღამეში უკვე სამასი კილოგრამი ფქვილისგან ვაცხობთ პურს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, თავიდან, სულ 5 კილო ნედლეულს ვხმარობდით და იმის რეალიზებაც გვიჭირდა, ეს, რა თქმა უნდა, კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ჩემი საწარმო ძალიან წარმატებულადაც არ მიმაჩნია. უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ წარმატების გზაზე ვდგავართ. თბილისში რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად ვიქნებოდი წარმატებული. ძვირი პროდუქციით იმერეთის ბაზრის ათვისება, ცოტა რთულია, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. დედაქალაქშიც ასე თუ ისე  გვიცნობენ, რადგან გამოფენებზე, პურის ფესტივალებზე დავდივართ, „გემოვანის“ წევრები ვართ, გაეროს ქალთა შესაფუთი მასალების წევრები გავხდით. ყველა ტრენინგს ვესწრებით, თუ საიდანმე შეიძლება, ცოდნა მივიღოT და განვვითარდეთ. დიდი გეგმებიც გვაქვს. უკვე მიდის მოლაპარაკება თბილისის ბაზარზე  შესასვლელად”.

საქართველოში ქალისთვის  წარმოების დაწყება და მართვა მზია ბენდელიანს არ მიაჩნია რთულად, პირიქით, ფიქრობს, რომ მოლაპარაკების პროცესში, ქალს უფრო მეტი ლავირების უნარი აქვს და ზუსტად გრძნობს,  როდის ჯობია დათმობა ან მტკიცე პოზიციის გამოჩენა.

 

“მოწონთ, როცა იგებენ, რომ მე – ქალმა მიავღწიე წარმატებას მეწარმეობაში. ეს ფაქტი პატივისცემით განაწყობს ადამიანებს ჩემს მიმართ. თუ ქალი არის მონდომებული და აქვს განათლებაც, არაფერი უშლის ხელს. მე არავითარი დაბრკოლება არ შემქმნია იმის გამო, რომ ქალი ვარ. ჩემ საწარმოში მე წარმოების უფროსი ვარ, მაია მაისურაძე მენეჯერი, ჩემ მეუღლეს კი ლოჯისტიკა აბარია. მგონია, რომ მე და მაია რომ არ ვყოფილიყავით, პირველივე მობრუნებული პურის მერე დაიხურებოდა საწარმო.

 

ჩვენ წარუმატებლობები საჩვენოდ გამოვიყენეთ და  შეცდომის გამოსწორებით გადავდგით მომდევნო ნაბიჯი.  თითოეულმა წარუმატებელმა დღემ  გაგვზარდა საკუთარ საქმეში და ახალი შესაძლებლობები აღმოგვაჩენინა. ამიტომ, ახალგაზრდებს ვურჩევ, არ შეეშინდეთ შეცდომების, დაისახონ მიზანი და იმუშაონ მის მისაღწევად. მით უმეტეს, დღეს უამრავი შესაძლებლობაა საქმის დაწყებისთვის. არც ისე დიდი ვარ, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი შესაძლებლობები არ იყო. ბიზნესი და მატერიალური უზრუნველყოფა თავისუფალს ხდის ადამიანს თავისთავად, თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი კი, ჩემი აზრით, არაფერია!