ლიკა მეგრელაძის „ჩაის გზა“ წარმატებამდე

ლიკა მეგრელაძის „ჩაის გზა“ წარმატებამდე

დედაქალაქში 35 წლიანი ცხოვრების და მუშაობის შემდეგ, ოზურგეთის რაიონის სოფელ წითელმთაში ბავშვობის ეზო-კარს დაუბრუნდა. საუკუნის წინანდელი სახლი აღადგინა. ეკალ-ბარდით გადავლილი ჩაის ბუჩქები განაახლა. გურული ვაზის ჯიშებიც დარგო. გადასაგდებად გამზადებულ კასრში და დანგრევის პირას მისულ ნალიაში სასტუმრო ოთახები მოაწყო. მისი სახლიდან კი მუდმივად ამოდის კვამლი. მთელ ამ ზღაპარს „კომლი“ დაარქვა. ლიკა (ლია)  მეგრელაძემ ეს ყველაფერი სამი წლის წინათ დაიწყო და დედამიწის ხუთივე კონტინენტიდან ჩამოსული სტუმრების მასპინძლობაც მოასწრო.

„გურიაში დავიბადე და გავიზარდე.  სკოლის მერე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში –  კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე. 1988 წელს დავამთავრე და დავოჯახდი კიდეც. მერე მეორადი ფაკულტეტი – ჟურნალისტიკაც დავამთავრე და, ძირითადად, ამ  სფეროში ვმუშაობდი. ყველაზე დიდხანს ვსაქმიანობდი და ყველაზე მეტადაც მიყვარდა ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნო, რომელიც მეგობართან ერთად დავაფუძნე. მენეჯერულ საქმიანობაში ამ პერიოდში გავიწაფე. იმდროინდელი ჩემი მთავარი მიღწევა მოზარდებისთვის ლიტერატურული კონკურსი „ალუბლობის“ დაფუძნება იყო, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ამასობაში, შვილები  გაიზარდნენ.  უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, იქაური მეუღლე ჰყავს და სამ შვილს ზრდის. ჩემი უმცროსი  შვილი უკვე 30 წლისაა. დედაჩემი კი მოხუცდა, სოფელში მარტო ყოფნა და სახლ-კარის მოვლა აღარ შეეძლო. ჩვენი პაწაწინა მამა-პაპისეული სახლი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა, ძველდებოდა, ეზოში დარგულ ჩაის კი სარეველა ჰქონდა მოდებული. 2010 წელს ჩემმა ამერიკელმა სიძემ ჩაის ბუჩქი  პირველად რომ ნახა, გაოცდა, ვერ წარმოედგინა, რომ ჩაი საქართველოშიც მოდიოდა. როგორც მერე გაირკვა, არც იმ ქვეყნებიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა იცოდნენ ქართული ჩაის არსებობა. საბჭოთა პერიოდში ამ პროდუქტით  საქართველო არაერთ ქვეყანას ამარაგებდა და რომლის უფროს თაობასაც დღემდე ახსოვს მისი არომატი. დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ ეზოში. თუმცა იმ დროს ჯერ ისევ თბილისში ვცხოვრობდი.

დედაქალაქში ყველაფრის მიტოვებას და მოხუც დედასთან სოფელში დაბრუნებას ლიკას ზრდასრული შვილები ურჩევდნენ. ახალგაზრდებმა, რომლებიც  ბავშვობაში არდადეგების უმეტეს ნაწილს წითელმთაში ატარებდნენ, დაინახეს, რომ ბებიას იქაურობის მოვლა აღარ შეეძლო.  ამის გამო კი  შეიძლებოდა, მათი კომლი  დაკარგულიყო.

ჩვენი საქმიანობას „კომლი“ დავარქვით, რომელიც  ადმინისტრაციულად მუდმივად სოფლად მცხოვრებ ოჯახს ნიშნავს. თავად სიტყვა კი კვამლიდან მოდის. თუ სახლიდან კვამლი ამოდის, ესე იგი იქ საჭმელი კეთდება, ბუხარი ან შუაცეცხლი ანთია, ანუ სიცოცხლე გრძელდება.  ჩვენც გავყევით ამ კონცეფციას და მიზნად დავისახეთ ამ უძველესი კომლის აღდგენა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით და ფოტოებით, 200 წლისაა. ეზოში ქვევრების ნარჩენებიც აღმოვაჩინეთ. სპეციალისტების ზეპირი შეფასებით, ამ ქვევრებში ღვინო შუა საუკუნეებში ინახებოდა. ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა, რომ ეს იყო მძლავრი სერიოზული კომლი, რომელიც რამდენჯერმე გადარჩა და ახლა ჯერი ჩვენზე იყო.

გარდამტეხი 2017 წელი აღმოჩნდა. ამ წელს ლიკა მეგრელაძეს აშშ-დან, სიძესთან ერთად,  გასტროტურიზმით დაინტერესებული ჯგუფი ესტუმრა. მაშინ სტუმრები ცეცხლზე მომზადებული საჭმელით, ქვისგან გამოთლილი კეცებით და, რა თქმა უნდა, ეზოში გაშენებული ჩაის ბუჩქებით გააოცეს. იმ დროისთვის ჩაი უკვე მეტ -ნაკლებად განახლებულიც  ჰქონდათ. თუმცა ლიკას დედა – ქალბატონი მერი ჭანუყვაძე ამის წინააღმდეგი იყო. ამბობდა, რომ თავად გაუჭირდებოდა მოკრეფა და ვერც მკრეფავებს იპოვნიდა სოფელში. ოკეანის გადაღმიდან  ჩამოსულმა შვილიშვილის ქმარმა კი უთხრა, რომ  დადგება დრო, როდესაც უცხოელები ჩაის მოკრეფაში მიეხმარებოდნენ და ამაში ფულსაც გადაიხდიდნენ.

დავიწყეთ ტურისტულ თემაზე ფიქრი. იმ წელს უკვე ზამთარშიც გურიაში დავრჩი და იანვარში – კალანდობას ჩემი ერთგვარი დაბრუნებაც აღვნიშნეთ ჩვენ სახლში. თებერვლის დასაწყისში კი ოზურგეთში გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მიერ გამართულ შეხვედრაზე დამპატიჟეს. შეხვედრის თემა იყო „მონაწილეობითი პრინციპი გურიის  ტურიზმის განვითარების საქმეში“. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ – „რაია გურიაში სანახავი? “ რამდენიმე თვეში UNDP-მა მცირე საგრანტო  კონკურსი გამოაცხადა, მანამდე ოზურგეთის „პროგრესის სახლმა“ ტრენინგები გამართა გურიაში ტურიზმის განვითარების თემაზე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც გურია საქართველოს ტურისტულ რუკაზე საერთოდ არ არსებობდა.  მაშინ, როცა საქართველოს სხვა რეგიონებში ტურიზმი უკვე აქტიურად მუშაობდა და „ღვინის გზის“ პროექტიც რამდენიმე წლის დაწყებული იყო. ღვინო ბევრს უყვარს, მაგრამ, ალბათ, მსოფლიოს ნახევარი სვამს, ჩაი კი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მთელ მსოფლიოს აქვს გასინჯული. ვიფიქრეთ  და დავწერეთ პროექტი გურიაში ჩაის  ტურის შექმნაზე.

ჩაის თემაზე მუშაობის პერიოდში ლიკა მეგრელაძის შვილმა – მარიმმა მათი სოფლის სახლი  Airbnb  -ზე დაარეგისტრირა.   ეს არის ონლაინ პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც, საცხოვრებელი ადგილების დაქირავება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის  შესაძლებელი. თავად ლიკამ კი ამის შესახებ  25 აპრილს გაიგო, იმ დღეს მათ ჭიშკარს ლონდონიდან შუახნის ცოლ-ქმარი მოადგა. განაცხადეს, რომ ეს სახლი ფოტოებზე ნახეს, ძალიან მოეწონათ და მისი ქირაობა გადაწყვიტეს.

„რას ვიზამდი, რა თქმა უნდა, ვუმასპინძლე. ბაღს რომ ვათვალიერებინებდი და ჩაის ბუჩქები ვაჩვენე, ეს ინგლისელი ქალი გაოცდა. თავიდან მეუცნაურა, ინგლისელს ჩაი რატომ უკვირს-თქო, მაგრამ რომ დავფიქრდი, სად ექნებოდა ლონდონში ჩაის ბუჩქი ნანახი?! მოკლედ, მათი რეაქციითაც მივხვდი, რომ ძალიან სწორი მიმართულება ავირჩიეთ. თან ისე დაემთხვა, რომ საგრანტო კონკურსზე  განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ერთ თვეში სრულებოდა. მოკლედ, უამრავი მასალა მოვიპოვეთ აქაური ჩაის შესახებ.  შევჯერდით, რომ პირველად საქართველოში ჩაი 1847 წელს დაირგო  ანასეულში. ამ დროს  ჩაის წარმოება ჯერ კიდევ არ გვქონია. მე-19 საუკუნის ბოლოს ჩინეთიდან ჩაის ოსტატი  – ლაო ჯინჯაო ჩამოიყვანეს, მისი დამზადებული ჩაი პარიზში გრან-პრით დაჯილდოვდა.1926 წელს, უკვე კომუნისტების დროს,  საზოგადოება „საქართველოს ჩაი“ შეიქმნა.  დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციები გაშენდა. შეიქმნა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტი, თავისი ლაბორატორიებით, მანქანა-ტექნიკის პარკით, საცდელი ნაკვეთებით, პროფესორების არმიით.  ცენტრში,  კვალიფიკაციის ასამაღლებლად,  მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ, სადაც კი სუბტროპიკული კულტურები არსებობდა.  ამ კვლევით ცენტრში მუშაობდა სწორედ დედაჩემი და ასეთ გარემოში ვიზრდებოდი მეც. ჩვენი ჩაით, საბჭოთა კავშირის გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მარაგდებოდა, კიდევ, მონღოლეთი და ალჟირიც. საბჭოთა კავშირის დაშლის და, შესაბამისად, ბაზრის გაუქმების მერე, ეს ყველაფერი მოიშალა. ხალხმაც ჩაის პლანტაციები ამოძირკვა და მის მაგივრად თხილი დარგო“.

მთელი ეს ინფორმაცია ლიკა მეგრელაძემ, კარდაკარ სიარულის შედეგად მოგროვილი, ძველი ფოტოებით  და იმ ჟურნალ-გაზეთებით გააცოცხლა, სადაც ქართველ მეჩაიე ქალებზე  იყო სტატიები დაბეჭდილი. მისი მომზადებული პროექტი ძალიან მოეწონათ და მიკროგრანტიც მიიღო. მერე დაიწყო  მუნიციპალური პროექტი „ჩაის გზა“, სადაც მეგრელაძეების  „კომლის“ გარდა კიდევ სამი მონაწილეა.

„ჩვენი პროექტი ყველაზე პატარა მასშტაბისაა. ჩაის ხელით ვკრეფთ, სტუმრებთან ერთად ვამზადებთ და ვაგემოვნებინებთ. ცოტა ხანში შემდეგი პროექტი დავიწყეთ გურული ვენახის ჯიშების აღსადგენად. უკვე დარგული გვაქვს და ვაგრძელებთ გურული საკოლექციო ვაზის ჯიშების გაშენებას. სახლის ქვეშ  პატარა მარანიც გვაქვს.  2019 წელს სასინჯად, შევიძინეთ და დავწურეთ ჩხავერი.  ღვინო ბოთლებშიც ჩამოვასხით და ეტიკეტზე  „კომლის“  ლოგო  დავიტანეთ.  ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის ნახევარზე მეტი ამერიკაში გავაგზავნეთ ექსპორტზე და ძალიან მოეწონათ.

ახლა გურული გასტროტურის შექმნაზე ვმუშაობთ. გურიას კულინარიაში ბევრი საერთო გვაქვს მეგრელებთან, იმერლებთან  და ბარის აჭარასთან. ამ მხარეებში კი ტურიზმი ბევრად ადრე განვითარდა და საერთო გასტრონომიული პროდუქტებიც უკვე მიკუთვნებული აღმოჩნდა. ახლა, გურული მენიუს შესაქმნელად, დიდი მუშაობა გვჭირდება. პოპულარული  გურული ღვეზელის გარდა ჩვენ გვაქვს ბრინჯულა, რომელიც ბრინჯის ფქვილისგან კეთდება. დედაჩემი იხსენებს მის ოჯახს როგორ მოჰყავდა ბრინჯი ქობულეთის დაბლობისკენ. თან სახლში  აღმოვაჩინეთ და აღვადგინეთ „ჩამური“, ესაა დიდი ქვის ჯამი, სადაც ბრინჯი და ღომი იცეხვებოდა.  სიმინდის შემოსვლამდე კი გურულები მიირთმევდნენ მცენარე ღომის ღომს და ფეტვს, რომელსაც ჭიკს ეძახიან. ვფიქრობ,  დღევანდელი ჭადის სახელიც აქედან მოდის.  გურია ცნობილია მისი საწებლებითაც და ფხალის ისეთი  სახეობებით, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით, მათ შორისაა ჯიჯლაყას ფხალი, რომელიც  ამარანტის სახელითაა ცნობილი. გურიისთვის დამახასიათებელია ნედლი თხილისგან დამზადებული კერძებიც“.

ჩაის, კერძებს და ღვინოს სტუმრები ას წელზე მეტი ხნის წინათ აშენებულ, გურულ ოდაში მიირთმევენ. სახლის დიდი ნაწილი პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული. ხის ოდას ერთი ვერანდა და ორი სასტუმრო ოთახი აქვს. დარჩენის მსურველი სტუმრები ბევრია და  პატარა სახლი არ ჰყოფნით. ამიტომ ლიკა მეგრელაძემ ახალი იდეების განხორციელება დაიწყო.

„ახლა გლემფინგების განვითარებაზე ვმუშაობთ. ჩემ შვილთან ამერიკაში რომ ვიყავი, იქ ვნახე პაწაწინა სახლი და  ვიკითხე, კასრში თუ მოეწყობოდა ოთახი. მეუღლემ მითხრა, რომ შესაძლებელი იყო და თუ როდესმე ამას გავაკეთებდით, მისთვის  „დიოგენეს კასრი“ დაგვერქმია, რადგან ჩვენი შვილი ფილოსოფოსია.  მერე გურიაში შვიდტონიანი დაზიანებული კასრი ვიყიდეთ.  მეზობელმა, რომ  გაიგო კასრი რისთვის მინდოდა, მითხრა, შე საწყალო, უკვე ისეთ დღეში ხარ, არც ერთი საავადმყოფო აღარ მიგიღებსო. კასრი აღვადგინეთ და  საძინებლად მოვაწყვეთ. ეზოში ძველი ნალიაც გვქონდა და ისიც საძინებლად გადავაკეთეთ. ახლა მეზობლებსაც მოსწონთ და თავის სტუმრებსაც ათვალიერებინებენ.  „დიოგენეს  კასრი“ და ნალია  Airbnb  -ზე დადებისთანავე  პოპულარული გახდა. მერე მოეწყო ინფორმაციული ტურები.  წელს ცნობილი სტუმრებითაც გამოვირჩეოდით   – საქართველოს პრეზიდენტი გვსტუმრობდა,  გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი – ლუიზა ვინტონიც იყო ჩამოსული. ყველა აღფრთოვანდა და ცნობადობაც გაგვეზრადა. ბევრს უნდოდა დარჩენა,  მაგრამ ადგილი აღარ გვქონდა.  ახლა ვცდილობთ, დაფინანსება მოვიპოვოთ და კასრების უბანი მოვაწყოთ, რომ უფრო მეტი ტურისტის მიღება იყოს შესაძლებელი.

ლიკა მეგრელაძის მიზანია, სტუმრებს საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებული დასვენება და მომსახურება შეთავაზოს. ამაში,  ეზოს ლანდშაფტთან ერთად, საკუთარი ფანტაზია და ყველაზე წარმოუდგენელი იდეების განხორციელების სურვილიც ხელს უწყობს. მათი ეზოს ბოლოს პატარა მდინარე –  კიკვატა ჩამოდის, რომელიც ნაგვითა და ეკალ-ბარდით იყო სავსე.  მეზობელმა ხუმრობით თქვა, რომ კიკვატაში ნავით გასეირნება იქნებოდა  სასიამოვნო. ლიკა მეგრელაძემ იმ წუთიდანვე დაიწყო მუშაობა, რომ ეს ხუმრობა რეალობად ექცია.

ჩვენი ძალით გავასუფთავეთ არხი და კუსტარული ნავიც გავაკეთეთ, მაგრამ მდინარეში მის ჩასაშვებად საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა. იმ დროისთვის ჩემმა შვილმა  Workaway- ზეც დამარეგისტრირა. ესეც ინტერნეტ პლატფორმაა, რომლის საშუალებით, შესაძლებელია, მსურველმა უფასოდ გაათენოს ღამე  და მიიღოს საკვები, წინასწარ შეთანხმებული სამუშაოს, საკუთარი უნარების, ცოდნის ან სულაც კულტურების გაზიარების  სანაცვლოდ. იმ წელს ამ საიტით არაჩვეულებრივი ფრანგი  ცოლ-ქმარი იყვნენ  ტულუზიდნ ჩამოსული, რომლებმაც ჯებირივით გააკეთეს და შესაძლებელი გახდა წყლის დაგუბება  მასში ნავის ჩასაშვებად.  გასულ ზაფხულს Workaway-ით  საქართველოში, პანდემიის გამო ჩარჩენილი ტურისტები გვყავდა.  საოცარი ადამიანები გავიცანი და მათი დახმარებით, ძალიან ბევრი  პატარ-პატარა პროექტიც გავაკეთეთ.

პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, როდესაც შიდა ტურიზმი ამოქმედდა, გომის მთა ძალიან პოპულარული იყო. ლიკა მეგრელაძის „კომლი“ კი გომის მთისკენ მიმავალ გზაზეა და მგზავრების უმეტესობა  ჩაის გასასინჯად,  დასათვალიერებლად ან კასრში ღამის გასათევად  ჩერდებოდა. ამ პერიოდში გაჩნდა იდეა სტუმრებისთვის ღია სივრცის მომზადებაზე, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადსახვა შეხევედრების და კულინარიული მასტერ-კლასების გამართვა.

„ღია სივრცე, ნაწილობრივ, შევქმენით. პოსტკოვიდურ სიტუაციაში ვიცი, ნამდვილად დაგვჭირდება. ვცდილობ, მოთხოვნის შესაბამისი მომსახურება მქონდეს.  ჩვენი ეზო უკვე ისეა მოწყობილი, რომ ჩაის ბუჩქებამდე ეტლითაც შესაძლებელია მისვლა. ეს იდეა ჩემი დედამთილის სტუმრობის დროს გამიჩნდა, რომელიც ნაინსულტარია და ეტლით გადაადგილდება. ესმოდა, როგორ მოწონდათ სტუმრებს კასრი, ჩაის ბუქები და შევამჩნიე, რომ ძალიან აინტერესებდა ნახვა. დედამთილი ახლაც ჩვენთანაა და უკვე შეუძლია, ეზოში დაუბრკოლებლად გადაადგილდეს და ბევრი რამე დაათვალიეროს. ამაში ოზურგეთის „პროგრესის სახლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად მიღებული 5 500  ლარი დამეხმარა. ამ თანხით ბილიკები და ავთენტური ბუხარი ავაშენეთ. ბილიკებით ძალიან ვამაყობ, რადგან მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი უჭირთ სოფლის ტურიზმის ადაპტირება შშმ პირებისთვის, მით უმეტეს გურიის მსგავსი ლანდშაფტის პირობებში.  შეუძლებელი კი არაფერია, უბრალოდ, საკუთარი სიმდიდრის შემჩნევა და გამოყენების სურვილია საჭირო“.

ამ შესაძლებლობებს წლების წინ ვერც თავად ლიკა მეგრელაძე ამჩნევდა. სანამ სტურმად ნათესავი ქალი არ ეწვია, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს და იქაური მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. მაშინ მისი ერთ-ერთი შვილი სოფია -ელიზაბეტი 10 წლის იყო და  ლიკას  ეზო რომ დაათვალიერა, დედას უსაყვედურა: – ლიკა თუ ასეთი მდიდარი იყო, რატომ არ ამხელდითო. სიმდიდრეში კი დიდ ეზოს მდინარეს, ჩაის და, რაც მთავარია, ბუნებრივ სილამაზეს გულისხმობდა.

„მაშინ აქაურობა ეკალ-ბარდით იყო დაფარული. გამეცინა, თუმცა მერე, როცა ძიების პროცესში ვიყავი, დათო ჩაჩანიძესთან და თინა  სამადაშვილთან ბაკურციხეში ნამჯის სახლის სანახავად ჩავედი. ეს ცოლ-ქმარი საკუთარ გარემო სივრცეს ეკოლოგიურად მიზანშეწონილი, ბუნებრივი  საშუალებებით აწყობს. ამას პერმაკულტურა ჰქვია. მომიყვნენ, როგორ აქციეს ხრიოკი ადგილი წალკოტად და რომ გაიგეს გურიაში ამხელა სიმდიდრეს ვფლობდი, გაუკვირდათ, თბილისში რატომ ვამჯობინებდი ცხოვრებას. სოფია-ელიზაბეტის სიტყვებიც გამახსენდა.  ნამჯის სახლში ყოფნის დროს პერმაკულტურით მოვიხიბლე. შხამქიმიკატებს ისედაც არ ვაკარებდი მიწას, მაგრამ ახლა უკვე მიწასთან ჰარმონიული ცხოვრების მეთოდით დავინტერესდი. ბოსტნეულის მოყვანა, ხეების თუ  ვენახის გაშენებაც კი ბუნებრივ  სტილს მინდა დავუბრუნო. მაგალითად, ვაზი  გავუშვა ხეზე, რადგან  მხვიარა ხასიათიდან გამომდინარე, ეს უფრო სწორი იქნება, ვიდრე  მისი ლამის შპალიერზე გაკვრა. ბუნებრივი მასალით მინდა ასევე საცხოვრებელის აშენებაც. ახლა ჰობიტების სახლზე ვმუშაობთ. ამ სახლის დიდი ნაწილი მიწაში იქნება, დანარჩენი კი ტკეპნილი მიწისგან დამზადებული მასალით აშენდება. ამისთვის არქიტექტორმა გივი ჯაყელმა, რომლის წინაპრები საფრანგეთში იყვნენ ემიგრირებულები, უკვე დაგვიმზადა ტკეპნილი მიწის ბლოკები.  საფრანგეთში დღემდე ძალიან პოპულარულია მიწის არქიტექტურა და ასეთი წესით აშენებული სახლების სამასწლიანი ნიმუშებია შემორჩენილი. ვფიქრობ,  ადრე გურიაში მარნები და საქონლის სადგომები ამ წესით იყო ნაშენი. სახლების გაკეთება ასწლოვან ხეებზეც მინდა. ახლა ძალიან პოპულარულია  tree house. მოკლედ, უამრავი იდეა მაქვს.

„კომლი“ ზამთარში სტუმრებს არ იღებს, რადგან სასტუმრე ოთახების მცირე  ნაწილი თბება და ისიც მხოლოდ  ბუხრით. ბევრი ასეთ პირობებზეც თანახმა იყო, თუმცა პანდემიის გამო, მათი მიღება წელს ვერ მოხერხდა. ლიკა მეგრელაძე ამ პერიოდს  ტურისტული სეზონის გახსნისთვის მზადებას ანდომებს და ამბობს, რომ, თურმე, მთელი ცხოვრება იმ საქმის კეთება ნდომებია, რასაც ახლა აკეთებს.

„დამწყებებს ვურჩევ, გაბედონ, დაიწყონ იდეების განხორციელება. თავადაც იმოგზაურონ, რადგან თვალსაწიერის გაფართოება ბევრ ახალ იდეას გააჩენს.  ჩემი ასაკის ხალხს კი ვურჩევ,  შვილების ან სხვა ახალგაზრდების აზრი გაითვალისწინონ და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც თანამედროვე მიღწევები, მათ შორის, ინტერენეტი იძლევა. მე ასეთ თამამ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებდი, რომ არა ჩემი შვილები. ოჯახის წევრებს კი ვურჩევ, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.  ჩემი მეუღლე, მართალია, ბოლომდე ჩამოსული არ არის გურიაში, მაგრამ ბევრ დროს ატარებს აქ და მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქიდან შორს ცხოვრებამ,  ბევრი დრო დამიზოგა. ამ დროს ახალი იდეების დახვეწას და განხორციელებას ვუთმობ“.

თბილისური ცხოვრება არ ენატრება, რადგან სოფელში, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა, თავს კარგად გრძნობს. მხოლოდ  მეგობრებთან დაშორება აწუხებს, თუმცა ყველა მათგანს უყვარს გურიაში სტუმრობა და დროის ერთად გატარებას მაინც ახერხებენ. ერთადერთი მონატრება თეატრია, რაც, პანდემიის გამო, ისედაც დაკეტილია. ასე რომ, გურიაში, თავისი ხელით შექმნილ ზღაპარში ყოფნა ცხოვრების ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.