ლია წიქარიშვილი: „ენთუზიაზმის გარეშე იდეის ბიზნესად ქცევის სირთულეებს ვერ გავუძლებდი“

ლია წიქარიშვილი: „ენთუზიაზმის გარეშე იდეის ბიზნესად ქცევის სირთულეებს ვერ გავუძლებდი“

ექიმპედიატრ ლია წიქარიშვილს ბიზნესიდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც საქართველოში ვაშლის მოსავალის რეალიზაცია გართულდა. ერთ წელიწადს მისმა ოჯახმა რამდენიმე ტონა ვაშლი, უბრალოდ, გადაყარა. ასე იმ წელს ბევრი მებაღე მოიქცა. ამ პრობლემას  ლია წიქარიშვილმა საკუთარი ჰობი დაუპირისპირა და შედეგად  100 პროცენტით ნატურალური ვაშლის ძმარი მიიღო, რომლის რეალიზებაც საქართველოში არ გაჭირვებია.

ბოლო პერიოდში, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებში ვმუშაობ ექიმად.  ჩემი ოჯახი მეურნეობას ეწევა. ამ მეურნეობის ნაწილი რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღია, საიდანაც ყოველწლიურად ტონობით მოსავალს ვიღებთ.  მიუხედავად იმისა, რომ ხილს  ოჯახში ვიტოვებთ, ახლობლებს ვჩუქნით და საქონელსაც კი ვაჭმევთ,  მაინც იმდენი გვრჩება, რომ ლპება და გადაყრა გვიწევს. მე ერთი ჰობი მაქვსდატვირთული დღის მერე განტვირთვას კულინარიით ვახერხებ. მიყვარს ცხობა, სხვადასხვა კერძის მოგონება და ახალი რეცეპტების გამოცდა. ერთხელაც, გადავწყვიტე, ვაშლისგან ძმარი დამეყენებინა. თავიდან ცოტა დავაყენე და იმდენად კარგი გამოვიდა, ჩემი მეგობრები რიგში ჩადგნენ, რომ მომავალი წლისთვის ნახევარი ბოთლი მაინც შეხვედროდათ.  ყურძნის ძმრით საქართველოში ვერავის გააკვირვებ,  ღვინო თითქმის ყველა ოჯახშია და ადვილადაც  ძმარდება.  აი,  ვაშლის ძმარი კი იშვიათია, რადგან ჩვენთან, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ხილის ღვინო არ არის პოპულარული. ვაშლის ძმარი კი ძალიან სასარგებლოა და საქართველოში სულ უფრო მზარდია მასზე მოთხოვნა“.

პირველი წარმატებული ცდის შემდეგ ვაშლის ძმრის  დაყენების ტექნოლოგიებით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ვარიანტი არსებობსსაფუარის გამოყენებით, წყლის დამატებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მეთოდები არ არის ბუნებრივი. გადაწყვიტა არჩევანი ნატურალურ მეთოდზე გაეკეთებინა.

მე  მთლიანად ნატურალური ფერმენტიზაციის გზით  ვამზადებ პროდუქტს.  თავად ვწურავ ვაშლს, ვიღებ მისგან წვენს ანუ ე.. ტკბილს, რომელიც, ყურძნის წვენის მსგავსად, სითბოში იწყებს დუღილს.  დადუღების შემდეგ მიიღება ვაშლის  ღვინო. ბოლოს კი  ვამატებ თავისსავე სოკოს ანუ ძმრის დედას. ეს უბრალოდ  აპკია, რომელსაც ძმარი იკეთებს თავზე.  ამის გარეშეც დაძმარდება, მაგრამ  ჩვეულებრივი ღვინისგან განსხვავებით, ვაშლის ღვინოს ამისთვის ორი წელი ჭირდება.

თავად ბაღი, სადაც ლია წიქარიშვილის ოჯახს მოსავალი მოჰყავს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. ვაშლნარი ახალციხის რაიონის სოფელ ორაველთან,  საკუთარი საკალმახეების გარშემო აქვთ გაშენებული. ბაღი ტყის პირასაა, მის ზემოთ კი ერუშეთის ეროვნული ნაკრძალი იწყება.  ამ ტერიტორიაზე და, ზოგადადაც, სამცხეჯავახეთში, მისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, ხეხილს  შეწამვლა არ სჭირდება. ასეთი ნედლეულით დამზადებული პროდუქტი, რა თქმა უნდა, 100 პროცენტით ნატურალურია.

ნედლეულის გადამამუშავებელი დანადგარები და პროდუქტის შესანახი  რეზერვუარებიც ეკოლოგიურად სუფთა, უჟანგავი ლითონისგან დამზადებული შევიძინე. ამაშიაწარმოე საქართველოსმცირე გრანტების პროგრამა დამეხმარა. მაგრამ ოთხი ცალი ნახევარტონიანი ცისტერნა, ისეთ დროს მივიღე, რომ ვაშლი უკვე დიდი ხნის დაკრეფილი და გამომშრალი იყო. ამიტომ სქელი წვენი  გამოვიდა და ვერ შევძელი რეზერვუარების სრულად შევსება. პირველ წელს  სულ 300 ლიტრი ძმარი  მივიღე. აქედან 200 ლიტრი არასამთავრობო ორგანიზაციებში, საწარმოებში და მეგობრებში დავარიგე. ახლა ვისაც უნდა ჰკითხოთ, ვაშლის ძმრის შეძენა სად შეიძლება, უკლებლივ ყველა ჩემ სახლს მოგასწავლით.  მესამე წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული და რეალიზაციას არ ვუჩივი. ზოგადად, ეს პროდუქტი ძალიან  სასარგებლოა, პანდემიის პერიოდში კი მოსახლეობამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და წელს ვაშლის ძმარზე მოთხოვნაც  განსაკუთრებულად გაიზარდა. ისე გამოვიდა, რომ პანდემიას ხელი არ შეუშლია ჩემი საქმიანობისთვის.

ახლა ეტიკეტირებაზე ვმუშაობ. საცობის და ჩაჩის ჩამოსაცმელი აპარატი მაქვს, მაგრამ ეტიკეტირებას დიდხანს მოვუნდი.  ერთი ვარიანტი არ  მომეწონა, არ იყო თვალში საცემი. მერე გერმანიაში ფერებზე მომუშავე ახლობელ ფსიქოლოგთან გავიარე კონსულტაცია და  გავიგე, რომ თითოეული ხილის  პროდუქტი შესაბამისი ფერით უნდა იყოს ეტიკეტირებული. ვაშლისთვის  კი წითელი და მწვანე ფერებია საჭირო, რომ ახლოს იყოს ასოციაციურად. ნიმუში უკვე მზად მაქვს. სწორად შერჩეული და გემოვნებით გაკეთებული ეტიკეტი რომ  მექნება, ვფიქრობ, რეალიზაცია კიდევ უფრო მოიმატებს“.

ეტიკეტირება უკვე დასრულებული ექნებოდა, მაგრამ ფულადი  სახსრები აღარ ეყო. ვაშლის ბაღთან ახლოს შენობა შეიძინა, რომ საწარმო სახლიდან იქ  გადაიტანოს. ამით წარმოებისთვის საჭირო სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და ნედლეულის ტრანსპორტირებაზეც აღარ დაეხარჯება დრო და ენერგია. ძმრის წარმოებიდან  ჯერ იმდენი შემოსავალი არ  მიუღია, რომ ამ საქმის  გასავითარებლად საკმარისი იყოს, თუმცა  წარმოებას არ აჩერებს და ოჯახის სხვა ბიზნესიდან შემოსულ თანხას ახმარს. მეუღლე და შვილები კი მის წამოწყებას მხარს უჭერენ. ეს აძლევს ძალას და ენთუზიაზმს, რომ უამრავი სირთულის და მარცხის მიუხედავად, დაწყებული საქმე გააგრძელოს და მის სრულყოფაზე იმუშაოს.

ნედლეულის გადასამუშავებელი დანადგარები საკუთარი სახსრებით ვიყიდე. საკმაოდ ძვირი გადავიხადე, რადგან ყველაფერს ეკოლოგიური თვალსაზრისით  უსაფრთხოს ვყიდულობ. იმ დროისთვის ხილის საწნეხი აპარატი არ იყო და ჩვეულებრივი ყურძნის წნეხი შევიძინე. ყურძნის აპარატმა კი ვაშლი, უბრალოდ, ვერ დაწურა კარგად. აპარატიდან ამოღებულ ნარჩენს ისევ წვენი ჰქონდა. მერე ვიყიდე უჟანგავი ფოლადის ბადე და წნეხში ჩავსვი, მაგრამ ჩაითრია და ვერც ამან გაამართლა. ფარხმალი არ დამიყრია. დაჩეჩქვილი ვაშლი ფქვილის ტომრებში ჩავყარე და  მაინც დავწურე.  თუმცა, 1 ტონა ვაშლისგან, დაახლოებით 600 – 700  ლიტრი წვენი რომ უნდა გამოსულიყო,  მესამედი მივიღე. საშუალო წარმადობის ხილის წნეხი, რომელიც საათში 70 კილო ნედლეულს ამუშავებს, დაახლოებით  8 000 ლარი ღირს. ამ ეტაპზე  ვერ შევძელი მისი შეძენა და  ვაშლის მოსავალის ნაწილი  წელსაც  გაგვიფუჭდა.

ოჯახი ყველანაირად  მხარს მიჭერს. დიდი მეურნეობა გვაქვს, ჩემი მეუღლე  მეთევზეობას ეწევა, საკალმახეები აქვს და  აქედან მიღებული შემოსავალი ვაშლის ძმრის წარმოებას მოვახმარეთ. დანებებას არ ვაპირებ, რადგან ეს, ბიზნესთან ერთად, ჩემი საყვარელი საქმიანობაცაა და დიდი ენთუზიაზმი მაქვს.  დამწყებმა მეწარმემ, ჩემი აზრით, მარტო ფულის გამომუშავებაზე არ უნდა იფიქროს, რადგან  თავიდან გათვლილზე ბევრად  ნაკლებ მოგებას აიღებს. თუ ის  საქმე, რასაც აკეთებ, არ გიზიდავს, აუცილებლად შეწყვეტ მის კეთებას  გარკვეული დროის მერე. აუცილებელია, შენი  მისწრაფება  იყოს, რომ  მისი ბიზნესად ქცევის სირთულეებს გაუძლო.“

მიუხედავად იმისა, რომ  ლია წიქარიშვილს მეწარმეობისთვის შესაბამისი განათლება არ  მიუღია, მიაჩნია, რომ  მედიცინა, განსაკუთრებით კი პედიატრია ძალიან ახლოსაა  ჯანსაღ კვებასთან  და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტთან. ამიტომ, მის ახალ საქმიანობაში თავს ძალიან კარგად გრძნობს. მიღწეული შედეგით, ნაწილობრივ, კმაყოფილია და ბიზნესის სრულყოფასაც გეგმავს მომავალში.

ჩემი მიზანი ბოლომდე არაა მიყვანილი. წარმატებულად თავს მაშინ მივიჩნევ, როდესაც საწარმოს სახლიდან ქარხანაში გადავიტან, ნაწარმს ეტიკეტს გავუკეთებ და გასაყიდად სუპერმარკეტების ქსელში შევიტან. ამ ყველაფერს, ალბათ, ერთ წელიწადში შევძლებ.

ამჯერად, პროდუქტს ღვინის 800 მილილიტრიან  მუქ ბოთლებში ვასხამ. მუქი ბოთლი აუცილებელია, რადგან ძმარში შემავალი ცოცხალი ორგანიზმი ანუ სოკო, რომელიც  პროდუქტის სიმჟავეს უზრუნველყოფს, მზის სხივებისგან  დაცული  უნდა იყოს. ბოთლის ძირში  ნალექს შენიშნავთ. რომ გავფილტრო, გარკვეულ  თვისებებს დაკარგავს. ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე,  ჩემი წარმოებული ვაშლის ძმარი ნალექიანი იყოს. მით უმეტეს, ღვინისგან განსხვავებით, ძმარში ნალექის არსებობა დაშვებულია.

მაღაზიებისთვის  უწყვეტი მიწოდება რომ შევძლო, თავიდან მხოლოდ ჩემს რაიონს ავითვისებ. ჯერ მცირე  საწარმო მაქვს, თუმცა მომავალში გაფართოებაც შეიძლება. დღეისთვის კი საკუთარი  ნედლეულით 3 ათასი ლიტრი ვაშლის ძმრის დამზადება შემიძლია. თუ მოთხოვნა გაიზარდა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც  შევიტანეთ, არც ეგ იქნება პრობლემა, რადგან ახლა ვაშლის გასაღების ბაზარი იმდენად ცუდია, რომ ახლობლები უფასოდაც კი მთავაზობენ მოსავალს. ისე კი საკუთარ მფობელობაში 7 ჰექტარი მიწა გვაქვს და იქაც შეიძლება ახალი ბაღის გაშენება, მით უმეტეს, რომ ვაშლი მალევე  – 3 წელში იძლევა პირველ მოსავალს“.