ლანა ბააკაშვილი: „პანდემიამ მოგვცა საშუალება საკუთარი თავისთვის გვემუშავა და ახალი აღმოჩენები გაგვეკეთებინა…“

ლანა ბააკაშვილი:  „პანდემიამ მოგვცა საშუალება საკუთარი თავისთვის გვემუშავა და ახალი აღმოჩენები გაგვეკეთებინა…“

პანდემია, როგორც გამოწვევა – უკვე წელიწადზე მეტია, რაც ახალი რეალობის წინაშე აღმოჩენილები ამ გამოწვევის მიღებას და ჩვენ სასიკეთოდ შემოტრიალებას ვცდილობთ. ზოგიერთისთვის ალბათ მცდელობა მცდელობად რჩება, თუმცა არაერთია ისეთი, ვისთვისაც ამ მცდელობამ სასურველი შედეგი უკვე გამოიღო. მათ შორის არიან ლანა ბააკაშვილი, ია კლდიაშვილი და მარიამ ტვილდიანიც, ვისაც პანდემიამ ახალი სუნთქვა გაუხსნა და წლების განმავლობაში განუხორციელებელი საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა მისცა. დღეს სამივე მათგანი დეკორატიულ და გამოყენებით კერამიკულ ნაწარმს საკუთარი ხელებით ამზადებს და სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლებს სთავაზობს. კერა•Kera-ს Facebook გვერდზე სხვადასხვა ფორმის, განსხვავებული ორნამენტებით გაფორმებულ დეკორატიულ და გამოყენებით ჭურჭელს შეხვდებით. თუ Covid 19 პანდემიამ ნამუშევრების შემქმნელებს საყვარელი საქმის დაწყების შესაძლებლობა მისცა, დღეს ისინი უკვე პანდემიის დასრულებას ელოდებიან, რათა წამოწყებული ბიზნესი გააფართოვონ და ქართველი მომხმარებლების გარდა, საკუთარი ნამუშევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შესთავაზონ.

„ბავშვობიდან ვხატავ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, თუმცა იმ დროს საკუთარი ბიზნესის დაწყებას დიდი ფინანსები სჭირდებოდა და ვერ მოვახერხე. მოგვიანებით, ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩავაბარე და ამავე მიმართულებით ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში 15 წელი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი, ამ სამსახურმა დიდი გამოცდილება და რაც მთავარია, თვითდაჯერება მომცა, რომ საკუთარი საქმის კეთებას შევძლებდი,“ – ამბობს ლანა ბააკაშვილი.

2019 წელს ლანამ სამსახურს თავი დაანება და საკუთარი ბიზნესის დაწყების მიზნით, თიხაზე მუშაობის სწავლა დაიწყო. მაგრამ ფართის არ ქონის გამო გეგმის განხორციელებას ვერ ახერხებდა. თუმცა, მალევე, მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო რამდენიმე თვით ყველაფერი გაჩერდა, როგორც თვითონ ამბობს, დრო იხელთა. ტურისტებზე გასაქირავებლად გათვლილი ბინა სახელოსნოდ გადააკეთა, ორ მეგობართან ია კლდიაშვილთან და მარიამ ტვილდიანთან ერთად თიხის შეძენაც მოახერხა და სამივე ერთად აქტიურ მუშაობას შეუდგა.

„რომ არა პანდემია, ამ საქმეს ვერასდროს დავიწყებდი. სახლში ამის გაკეთება რთულია, მითუმეტეს, როდესაც სამი შვილი გყავს. გარდა ამისა, ამდენი თავისუფალი დროც არ გამომიჩნდებოდა. ყველანი ამ ცხოვრების რუტინაში ვიყავით ჩართულები, პანდემიამ კი მოგვცა საშუალება საკუთარი თავისთვის გვემუშავა და ახალი აღმოჩენები გაგვეკეთებინა,“ – ამბობს ლანა.

თავდაპირველად მხოლოდ თიხა ჰქონდათ, გამოსაწვავი ღუმელის არქონის გამო, ნამუშევრების გარკვეულ რაოდენობას აგროვებდნენ და გამოსაწვავად სხვაგან დაჰქონდათ. მოგვიანებით ღუმელის შეძენა მოახერხეს, ახლა უკვე ამ პროცედურასაც საკუთარ სახელოსნოში ატარებენ და თავდაპირველი სახიდან საბოლოო შედეგამდე, ყველაფერი საკუთარი ხელით მიჰყავთ. სამივე მათგანს თავის საქმე და თავისუფლება აქვს – ვის რისი კეთებაც ანიჭებს სიამოვნებას, იმას აკეთებს.

„პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ კუთხით, რომ ნამუშევრების მხოლოდ ერთ ნაწილს არ ვქმნით, თავიდან ბოლომდე ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ. ვიწყებთ ძერწვას, ვაშრობთ, ვწვავთ, ამის შემდეგ გამომწვარ მასალაზე ვხატავთ და ვაჭიქურებთ, ხელმეორედ ვწვავთ და საბოლოო შედეგს ვიღებთ, ეს ჩვენთვის მთელი რიტუალია,“ – აღნიშნავს ლანა ბააკაშვილი.

თითო ნამუშევრის დამზადებას საშუალოდ 10-12 დღეს ანდომებენ. ცოტა ხნის წინ ხეზე მუშაობაც ისწავლეს და სხვადასხვა სახის ჭურჭელს ახლა უკვე სარკეებიც დაამატეს, რომელსაც ხისა და კერამიკისგან ამზადებენ. როდესაც საკუთარ ბიზნესს იწყებდნენ, მოლოდინი არ ჰქონიათ, რომ საზოგადოებისგან დიდი ინტერესი იქნებოდა, ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – ის საქმე ეკეთებინათ, რომელიც უყვართ. თუმცა მათ პროდუქტზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა. ახალი წლის პერიოდში კი მომხმარებლების რიცხვი განსაკუთრებით დიდი იყო, ახლა უკვე შეკვეთებსაც იღებენ და ნამუშევრებს საზოგადოების სურვილის მიხედვით ამზადებენ.

„სამივე მათგანი ამ საქმეში მთელ სულსა და გულს ვდებთ. მხოლოდ ამით ვართ დაკავებულები. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ საკუთარი თავისთვის ვიმუშავებდით, ჩვენს სურვილს ავიხდენდით და ახალ-ახალ აღმოჩენებს გავაკეთებდით საკუთარ თავში, თუმცა როდესაც საზოგადოების მხრიდან ინტერესი დავინახეთ, ახლა გაორმაგებული ენერგიით ვმუშაობთ და ვცდილობთ ახალ-ახალი იდეები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს…“

ახალ-ახალი იდეების განხორციელებასთან ერთად კი, ბიზნესის გაფართოება სურთ. პირველ რიგში, მაღაზიის გახსნას გეგმავენ, მოგვიანებით კი, როდესაც ქვეყანაში ტურისტული მიმოსვლა აღდგება, საკუთარი ნამუშევრებით ქართველ მომხმარებლებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაინტერესებაც აპირებენ.

„ჩვენი სახელოსნო კარგ ადგილას არის, ტურისტებით დატვირთული ადგილია. აქვე გვინდა მაღაზიის გაკეთებაც. გარდა ამისა, გვსურს ჩვენი პროდუქცია ქვეყნის გარეთაც გავიტანოთ. კერამიკაზე მუშაობით შეიძლება ხალხი ვერ გააოცო, თუმცა ჩვენ გვინდა ძველი ქართული ორნამენტები თანამედროვეობაში გადმოვიტანოთ და ასე გავიტანოთ ქვეყნიდან…“

მანამ სანამ დასახულ გეგმებს განახორციელებენ, მუშაობასთან ერთად, მუდმივად სწავლის პროცესში არიან, რადგან, როგორც ლანა ამბობს, კერამიკა ამოუწურავია და მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო იმისთვის, რომ თქვა: „მე კერამიკოსი ვარ…“ – მიზანი კი სწორედ ეს არის…