რატომ ქალები ბიზნესში?
სირთულეები, შესაძლებლობები და უპირატესობები
გაერთიანებული ერების მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 49.6%, ანუ თითქმის ნახევარი, არიან ქალები. საქართველოს შემთხვევაში კი, იგივე წყაროზე დაყრდნობით, ქალები მოსახლეობის 52.3% შეადგენენ. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნეს საქმიანობაში გასული და მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პრიორიტეტია, იმიტომ რომ ქალ მეწარმეებს შეუძლიათ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. გაერთიანებული ერების ეკონომიკური და სოციალური საბჭოს და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ რეალური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდება, სანამ ქალი და კაცი თანაბრად არ იქნებიან ჩართულნი ეკონომიკურ პროცესებში.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, წლიდან წლამდე იზრდება ქალების ეკონომიკური აქტივობა, თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული დისბალანსის 2020 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, ეკონომიკაში მონაწილეობისა და შესაძლებლობების ნაწილში ქალების ბიზნეს საქმიანობა მრავალი პარამეტრით ჩამორჩება მამაკაცების მონაცემებს.
ეროვნულ-ტრადიციული, სოციალური და კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, ქალები გაცილებით ნაკლებად არიან წარმოდგენილი შრომით ბაზარზე. აღნიშნული სხვაობა, 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშზე დაყრდნობით, ასე გამოიყურება: მსოფლიოში ზრდასრული მამაკაცების (15-64 წელი) 78% წარმოადგენს სამუშაო ძალას, როცა ქალების (იგივე ასაკობრივი ჯგუფი) მხოლოდ 55%-ია აქტიურად ჩართული შრომით ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური სამუშაო ძალის 30%-ზე მეტი შეადგენს გენდერულ დისბალანსს და შესაბამისად, დაკარგულ ეკონომიკურ წარმადობას და შემოსავალს, როგორც ოჯახებისთვის ასევე ქვეყნებისთვის.
გავლენიანი გამოცემა, The Economist ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ინდექსს 5 მსხვილ კომპონენტზე დაყრდნობით განსაზღვრავს: შრომის პოლიტიკა და პრაქტიკა; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; განათლება და პროფესიული სწავლება; ქალთა სამართლებრივი და სოციალური სტატუსი და ზოგადი ბიზნეს-გარემო. ეს კომპონენტები, თავის მხრივ, უფრო დეტალურ საზომ მაჩვენებლებს მოიცავს. ინდიკატორები ზომავს ქალების სხვადასხვა – მათ შორის, საპენსიო ასაკის, სამუშაოს ტიპის არჩევის, ბანკიდან კრედიტის გამოტანის, საშუალო განათლების მიღების და სხვა კუთხით დისკრიმინაციის ხარისხს. ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა კი დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში შრომითი ბაზრის ფორმირებაზე და პროდუქტიულობაზე. ამ ინდექსით საქართველო მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა 54.5 ქულით/100-დან, რაც მსოფლიო და რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.
შრომითი პოლიტიკა და პრაქტიკა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არ არის ქალის როლი დისკრიმინირებული – მაგალითად, არ არსებობს სამუშაო ადგილი, რომელიც კანონით მხოლოდ მამაკაცს შეუძლია დაიკავოს ან ოფიცალური შიდა რეგულაციებით ერთი და იგივე პოზიციაზე ქალი და მამაკაცი განსხვავებულ ანაზღაურებას იღებდეს, პრაქტიკა საკმაოდ განსხვავებულია. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, ქალები საშუალოდ იღებენ მამაკაცებზე 40%-ით ნაკლებ ანაზღაურებას, რაც იმით აიხსნება, რომ მმართველ და შესაბამისად უფრო მაღალ ანაზღაურებად პოზიციებს უმეტესად კაცები იკავებენ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში განხილული 9 მსხვილი პროფესიული კლასტერის შეფასებისას ქალები ყველაზე ნაკლებად დასაქმებულები არიან საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების (12%), საინჟინრო (15%) და მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის (26%) სფეროებში, თუმცა მამაკაცებზე პროცენტულად მეტი ქალია წარმოდგენილი ადამიანებთან ურთერითობების და კულტურის სფეროებში (65%). ამასთან, გავრცელებული სოციალურ-კულტურული დოგმებით, სხვა თანაბარ პირობებში დაწინაურების შანსები მამაკაცებს გაცილებით მეტი აქვთ ვიდრე ქალებს.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და სამეწარმეო შესაძლებლობების შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. აღნიშნული კომპონენტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად და განსავითარებლად. კერძოდ, ფინანსების ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას, კონკურენტული ბიზნეს-გარემოს შექმნას, ახალ სამუშაო ძალაზე მოთხოვნას და უმუშევრობის დონის შემცირებას. ეს ფაქტორი მნიშნველოვანი წინაღობაა და ქალების შემთხვევაში უფრო დიდ წინაღობას წარმოადგენს.
განათლება და პროფესიული სწავლება
ქალთა ბიზნეს სექტორში ჩართულობაზე, ბუნებრივია, დიდ ზეგავლენას ახდენს განათლებასა და უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა. საკანონმდებლო დონეზე გოგონებსა და ბიჭებს განათლების მიღების ერთნაირი შესაძლებლობა გააჩნიათ. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებს შორის ქალები ჭარბობენ (ქალები: 55%, მამაკაცები: 45%), ხოლო პროფესიული განათლების მქონე პირთა 57%-ს ქალები შეადგენენ, 43%-ს კი მამაკაცები. ამის მიუხედავად, საქართველოში ქალთა 43% ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას განეკუთვნება, მათი მესამედზე მეტი დიასახლისია. ეს კატეგორია რეალურად არის ქვეყნის ფარული რესურსი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნული ჯგუფის ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზაციისა და საკუთარი სამეწარმეო საქმნიანობის დაწყების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია პროფესიულ განათლებას და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს.
ბიზნეს-გარემო და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა
ბიზნეს-გარემო საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელია ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის და არ არსებობს რაიმე დისკრიმინაციული ნორმები ქალებთან მიმართებაში. თუმცა ხშირად შეზღუდულია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ბარიერს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეებისთვის ბიზნეს კონსულტაციების გაწევა და შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ქალების ჩართულობას ბიზნეს და სამეწარმეოს საქმიანობაში Harvard Business Review-ზე დაყრდნობით, ზოგადად ქალებს უფრო მეტად შესწევთ უნარი საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი განათლება, შემოსავლები და რესურსები. შესაბამისად, ქალთა სამეწარმეო საქმიანობის პოზიტიური წახალისება და მხარდაჭერა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციისთვის.