ქალები მულტინაციონალური კომპანიების სათავეში

ქალები მულტინაციონალური კომპანიების სათავეში

ბიზნესმენი ქალის სტატუსი 50 წლის წინ საუკეთესო შემთხვევაში ამბიციურ განაცხადად ჩაითვლებოდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ეკონომიკის სფეროს განვითარების საქმეში ქალების მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. სოციალური შეზღუდვებისგან გათავისუფლების, ფინანსური დამოუკიდებლობის თუ უბრალოდ საკუთარი საქმის ქონის სურვილმა ქალებს ნელ-ნელა ბიზნესის სფეროში მოწინავე პოზიციებზე დაუმკვიდრა ადგილი. ქალების მიერ ბიზნესად ქცეულმა იდეებმა კი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო დონეზე გაითქვა სახელი, რაზეც ამ ქალების მიერ შექმნილ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნა ყველაზე კარგად მეტყველებს.

მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს ჟურნალის The CEO magazine მონაცემების მიხედვით, დღეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ბრენდების მიღმა უმეტესწილად ქალები დგანან, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკში დაიწყეს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა და, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, დიდი შრომის შედეგად საკუთარი იმპერიები შექმნეს. Online სამეცნიერო გამოცემა Stacker კი, იმ ქალი აღმასრულებელი დირექტორების შესახებ წერს, რომლებიც 500 უდიდესი ამერიკული კომპანიის სიაში „Fortune 500“ საპატიო ადგილს იკავებენ.

ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ მსოფლიოში წარმატებული ქალების შესახებ საუბარს ყველასთვის კარგად ნაცნობი ვიდეო საიტის YouTube-ის სათავეში მდგომი ქალის მაგალითით დავიწყებთ. სუზან ვოიციკიმ ბიზნეს საქმიანობა ძალიან პატარამ, ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში დაიწყო. როდესაც კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში კარდაკარ დადიოდა და სანელებლებით დაწნულ თოკებს ყიდდა, ალბათ მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 51 წლის ასაკში ყველაზე წარმატებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იქნებოდა და მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 15 მილიარდ დოლარს მიაღწევდა. სუზანის ცხოვრებაში წარმატება ნელ-ნელა მოვიდა, ჯერ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიისა და ლიტერატურის მიმართულების წარჩინებით დასრულება, შემდგომ ეკონომიკის მიმართულებით სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული გეგმები, რაც ტექნოლოგიების მიმართ მისმა ინტერესმა რადიკალურად შეცვლა. მოგვიანებით ამერიკულ კორპორაცია Intel-ში დაიწყო მუშაობა და Google-ის დამაარსებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი გაიცნო, რამაც სუზანის ბედი გარკვეულწილად განსაზღვრა. დამაარსებლებმა Google-ის საძიებო სისტემის შესაქმნელად სუზანის სახლის ავტოფარეხი და რამდენიმე საძინებელი დაიქირავეს, რამაც ვოიციკის ოჯახის ფინანსური პრობლემები ნაწილობრივ მოაგვარა. შემდგომ უკვე, 1999 წელს კი სუზანი თავად გახდა Google-ის მარკეტინგის მენეჯერი, თუმცა მისი წარმატებული კარიერა აქედან მხოლოდ დაიწყო, მალევე საქმიანობა რეკლამისა და კომერციის ვიცე-პრეზიდენტის რანგში გაგრძელდა, რის პარალელურადაც ის ასევე Google-ის ვიდეო მომსახურებას ხელმძღვანელობდა. სუზანი YouTube-ის განვითარებას ადევნებდა თვალს და მის პოტენციალს კარგად ხედავდა, ამიტომ Google-ს მისი ყიდვა შესთავაზა და საბოლოოდ, 2006 წელს YouTube 1.65 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. 2014 წლიდან სუზან ვოიციკი YouTube-ს სათავეშია და კომპანიის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი აღმასრულებელი დირექტორის სტატუსს ატარებს. 

ასევე ქალი უდგას სათავეში ამერიკულ მულტინაციონალურ ნახევარგამტარულ კომპანიას Advanced Micro Devices (AMD), რომელიც ბიზნესისა და სამომხმარებლო ბაზრებისთვის კომპიუტერის პროცესორებს ავითარებს. ლიზა სუ 3 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ტაივანიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ლიზა ბავშვობიდან ინჟინრობაზე ოცნებობდა, 10 წლის ასაკში სხვადასხვა ნივთების მუშაობით დაინტერესებულმა თავის ძმის დისტანციური მართვის მანქანების შეკეთება დაიწყო. სტატისტიკოსი მამა მას მათემატიკისა და მეცნიერების სწავლაში ეხმარებოდა, ბუღალტერი დედა კი ბიზნესის კონცეფციებს აცნობდა. ლიზა სუმ ბრონქსის საშუალო სკოლა დაამთავრა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელა სწავლა. სხვადასხვა დროს ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Texas Instruments, IBM, Freescale Semiconductor.  პარალელურად კი აქტიურად იყო დაკავებული სამეცნიერო საქმიანობით – ის ერთ-ერთი პირველი მკლევარი გახდა, რომელმაც ნახევარგამტარული ტექნოლოგიის გაუმჯობესებისთვის იქამდე უცნობ მეთოდს მოჰფინა ნათელი. 2014 წლიდან ლიზა სუ AMD-ის აღმასრულებელი დირექტორია, მისი ხელმძღვანელობით კომპანია განვითარების ახალ-ახალ საფეხურებზე ადის. 2017 წელს ამერიკულმა ბიზნეს ჟურნალმა Fortune ლიზა სუ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ ბიზნესმენად დაასახელა. ლიდერი ქალი დღეს 50 წლისაა და მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 6.73 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სხვებისგან განსხვავებული და ალბათ ცოტა უცნაურიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ალკოჰოლური კომპანიის Heineken USA-ის აღმასრულებელი დირექტორის მეგი ტიმონის ისტორია. უცნაურია იმ გაგებით, რომ ბავშვობაში სპორტით უფრო კონკრეტულად კი კალათბურთით გატაცებული ქალი მოგვიანებით საკუთარ თავს ალკოჰოლური ბიზნესის სათავეში აღმოაჩენს. მეგი ტიმონი ირლანდიაში დაიბადა, ის 4 შვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვობაში კალათბურთით იყო გატაცებული და ამ გატაცებამ გამძლეობა, თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა შემატა, რაც მომავალში ისეთივე საჭირო აღმოჩნდა ბიზნესის სფეროში, როგორც ბავშვობაში იყო სპორტში. მეგიმ კარიერული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯები ნიუ იორკის კოლეჯში სწავლისას გადადგა, როდესაც  ალკოჰოლის საბითუმო ბიზნესში დაიწყო მუშაობა. 1990 წელს კი Heineken USA-ში მისი საქმიანობა გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ამას მოყვა Heineken-ის სამშობლოში – ნიდერლანდებში და კანადაში წამყვანი პოზიციების დაკავება. საბოლოოდ, მეგი ტიმონი შტატებში დაბრუნდა. Heineken-ში სტრატეგიული დაგეგმვის, გლობალური პარტნიორობის თუ საერთაშორისო დისტრიბუციის შესახებ ინფორმაციების დეტალურად გაცნობას და კომპანიაში წამყვანი პოზიციის დაკავებას 20 წელი დასჭირდა. თუმცა დაუღალავმა შრომამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო. დღეს მეგი ტიმონი 54 წლის არის  და როგორც თვითონ აღნიშნავს, მისი მიღწეული შედეგები მასზე ყველაზე კარგად მეტყველებს. ის პასუხისმგებლობას გრძნობს როგორც კომპანიის, ისე საკუთარი თავის, ოჯახის და ყველა ქალი ლიდერის წინაშე.

Fortune 500 სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს უმსხვილესი გლობალური საავტომობილო მწარმოებელი კომპანიის General Motors აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა. მერი ბარა საავტომობილო ინდუსტრიით ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაინტერესდა, რაც ალბათ მამამ განაპირობა, რომელიც 39 წლის განმავლობაში იმ გუნდის წევრი იყო, ვინც General Motors-ის ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს ავტოკომპანიად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მერი 18 წლის ასაკში G.M. ტექნიკურ სკოლაში შევიდა, რათა ინჟინერი გამხდარიყო. დიდ მიზნამდე მისვლას ბევრი დრო და ენერგია დასჭირდა, თუმცა 2014 წელს მერი ბარამ  General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დაიკავა. ამ სფეროში მერი ბარა პირველი მმართველი ქალი იყო. 

ერთდროულად სპორტსმენი და ბიზნესმენი ქალი უდგას სათავეში ჯანმრთელობის უმსხვილეს სადაზღვევო პროვაიდერ კომპანიას Anthem. გაილ კოზიარა ბუდროქსი მასაჩუსეტსის შტატში, ჩიკოპიის საშუალო სკოლაში სწავლობდა, სწავლის პარალელურად კი მისი სერიოზული გატაცება სპორტი, უფრო კონკრეტულად კი კალათბურთი იყო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევებიც აქვს. 1978-1982 წლებში გაილი Darthmouth Big Green-ის კალათბურთის ქალთა გუნდის გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. უფრო მეტად წარმატებული კი ბიზნესის სფეროში აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ კარიერული წინსვლის გზაზე, პირველი ნაბიჯები ჯანდაცვის მიმართულებით ისეთ კომპანიებში გადადგა, როგორიცაა Aetna, BlueCross BlueShield of Illinois, UnitedHealth Group. 2017 წლიდან დღემდე კი უდიდესი კომპანიის Anthem-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალ ბიზნეს-ლიდერად არის მიჩნეული.

სხვებთან შედარებით დიდი ხანი არ არის, რაც ქეით უარდენი კოსმოსურ და თავდაცვის ტექნოლოგიურ კომპანიას Northrop Grumman შეუერთდა, თუმცა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და სარისკო კაპიტალის სფეროში მისმა გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ კომპანიაში 2008 წელს მისული ქეით უარდენი, 2019 წელს უკვე უმსხვილესი კომპანიის სათავეში აღმოჩნდა. ეს გამოცდილება ცხადია ისე არ მოსულა, ჯერ იყო ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხის მიღება, მოგვიანებით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში უკვე მაგისტრის ხარისხი, სამუშაო გამოცდილება ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: General Dynamics, Veridian Corporation, General Electric. Northrop Grumman-ში მისვლის შემდეგ კი სათავეში მოსვლამდე, მისი როლი კომპანიის საქმიანობის ყველას ასპექტს მოიცავდა, ახლა კი ამ როლს უკვე აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით წარმატებით აგრძელებს.

ავტორი: გვანცა ბზიავა