მეწარმე ქალები – ამერიკული ისტორიიდან

მეწარმე ქალები – ამერიკული ისტორიიდან

2014 წლის 19 ნოემბერს მსოფლიოს 144-მა ქვეყანამ პირველად აღნიშნა მეწარმე ქალების დღე და  სამეწარმეო საქმიანობაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალების როლზე საუბარი კიდევ ერთხელ წამოიწყო.  

2020 წლის 19 ნოემბრის სამიტი  სხვა წლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო პანდემია, რომელმაც „გვაიძულა“ გადაგვეაზრებინა ერთდროულად  წარსული და  აწმყო და, უფრო მეტიც, რიგ საკითხებში ნათლად დაგვანახა მომავლის კონტურები. მომავლიდან ერთ-ერთ ასეთ სურათს ჩვენი გაციფრულებული ყოველდღიურობა: ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები წარმოადგენს. თუმცა მანამდე იყო წარსული… მანამდე  დავბრუნდეთ უკან, წარსულში, სადაც ქალის როლი და შესაძლებლობები ბიზნესში, ისევე როგორც შემოთავაზებული სფეროები, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელობისგან. ვცადოთ ამ ქალების ისტორიების დროის ხაზზე ქრონოლოგიურად განლაგება.

საუკუნეების წინ, მაშინ როდესაც სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალების ერთეული ისტორიები იწერებოდა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბიზნეს სფეროების მრავალფეროვნებას და თავისებურებას ერთ დღესაც ჩვენი ფანტაზიები და ინოვაციური იდეები განსაზღვრავდნენ. 

პირველი ქალი მეწარმეების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში რამდენიმე ჩანაწერი მოიძებნება.  ამ ქალების საქმიანობის სფეროები და ინტერესები განსხვავებულია; საერთოა მაღალი  წარმომავლობა და ფინანსური რესურსები, რამაც, პრინციპში, იმ პერიოდისთვის არსებული აქტუალური გამოწვევების ფონზე, (როგორიც არის განათლების დაბალი დონე, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ნაკლები ჩართულობა, გენდერული სტერეოტიპები, საკუთრების არ ქონა თუ სხვა), მაინც გახადა შესაძლებელი მათი  იდეების რეალობად ქცევა.  

1739 წლით თარიღდება ცნობები ბოტანიკოსი ფერმერი ელიზა ლუკას პინკნის  (Eliza Lucas Pinckney) შესახებ, რომელმაც  მშობლების გარდაცვალების შემდეგ, სამხრეთ კაროლინაში მცენარე ინდიგოს მასობრივი მოყვანა და მისი ექსპორტზე გატანა დაიწყო. ელიზამ სკოლა ლონდონში დაამთავრა და განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ბოტანიკით. მან გააცნობიერა, რომ  ტექსტილის (საფეიქრო) მზარდი ინდუსტრიისთვის სულ მალე ახალი ფერები იქნებოდა საჭირო, ამიტომ მცენარე ინდიგო (Indigofera tinctoria)  გააშენა და იგი მუქი ლურჯი საღებავის დასამზადებლად გამოიყენა.

მე-18 საუკუნეში სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალების შესახებ ცნობები კვლავ გხვდება. ზოგიერთი მათგანი მცირე მიწას ფლობს და ყიდის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, ნაწილისთვის აქტუალურია საგანმანათლებლო საქმიანობა, რამაც 1766 წელს, მერი კეთრინ გოდარი (Mary Katherine Goddard) საგამომცემლო ბიზნესთან მიიყვანა. ის ამერიკის პირველი გამომცემელი  ქალი და 1775 წელს ფოსტის პირველი ქალი უფროსი (ფოსტმაისტერი) გახდა. მერი ქეთრინ გოდარის საქმიანობის მწვერვალი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლის შექმნაა. ის სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა საგამომცემლო საქმიანობას, ბეჭდავდა და ყიდდა წიგნებს, გამომცემლობაში ჰყავდა დასაქმებული ბალტიმორში მცხოვრები ქალები და მათი შვილებისთვის განათლების მიცემაზე ზრუნავდა.

მეწარმე ქალების მრავალი ისტორიაა   სამედიცინო სფეროში. მაგალითად,   ლიდია პინკჰემმა (Lydia Pinkham) 1875 წელს მასაჩუსეტში  სამკურნალო სახლი (Lydia Pinkham’s Vegetable Compound) შექმნა, სადაც მცენარეებზე დამზადებულ მალამოებს ყიდდა და ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ცოდნას ავრცელებდა. სიახლე არაა ის, რომ იმ პერიოდში  შავკანიანი ქალებისთვის ბიზნეს-საქმიანობის დაწყება კიდევ უფრო პრობლემური იყო, მათ ერთდროულად უწევდათ რასიზმთან და გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება. ამ ყველაფერს არ უშინდება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა, მადამ ვოლკერი (Madam C.J Walker), რომელიც თმის მოვლის საშუალებების ბიზნესს იწყებს. შავკანიანმა ქალმა, რომელიც ყოფილი მონის შვილი იყო, თავისი  კომპანია 1905 წელს  არაფრისგან შექმნა და  მთელს მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი მეწარმე ქალი გახდა. მან თმის ცვენისგან დაცვისა და თმის ზრდის საშუალებების წარმოება დაიწყო, დაინტერესებული იყო თავის კანის შესწავლით. მეწარმე მალე ამერიკის კონტინენტს გასცდა და როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში,  ქალებთან აქტიური კომუნიკაცია დაამყარა. ის იყო 1917 წელს  მეწარმე ქალების პირველი შეხვედრის ორგანიზატორი ფილადელფიაში და სიცოცხლის განმავლობაში აქტიურად ეხმარებოდა აფრიკელ მცირე მეწარმე ქალებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაშინ როდესაც ნიუ-იორკში ბევრი ახალი კომპანია იდგამდა ფეხს და კონკურენციის გამო, მალევე კოტრდებოდა, 30 წლის ქიმიით დაინტერესებულმა ელისაბეთ არდენმა (Elizabeth Arden) კოსმეტიკის მცირე ბიზნესი წამოიწყო. ის ამზადებდა სახის კანის კრემებს, რომელიც იმ პერიოდში ახალი სიტყვა იყო კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის. 1912 წელს, პარიზში მოგზაურობის შემდეგ, ამერიკელ ქალებს პირველად მან გააცნო თვალის მაკიაჟის ევროპული გამოცდილება და სალონიც გახსნა. ამავე პერიოდში, მსოფლიოს გარშემო არსებულ კოსმეტიკურ ინდუსტრიებს ქალი მეწარმეები ჩაუდგნენ სათავეში, 1910 წელს კი,  საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში,  ქალებისთვის ქუდების მაღაზიის გახსნით, ახალი ეპოქა იწყება მოდის ინდუსტრიაშიც. ამასობაში აშშ-ში ქალი მეწარმეებისთვის განსაკუთრებით პოპულარული გახდა როგორც მოდის ინდუსტრია, ისე ავეჯის, სამზარეულოს ჭურჭლის დიზაინისა და ნაკეთობების შექმნა.  საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილმა რუთ ჰენდლერი (Ruth Handler) ყველასთვის ნაცნობი თოჯინა ბარბის (მისი ქალიშვილის სახელი)   შექმნამდე (1959წელი) მიიყვანა, ლილიან ვერნონი (Lillian Vernon) კი საქორწილო, სადღესასწაულო დეკორაციების, საფოსტო და მისალოცი ბარათების კომპანიის გახსნამდე. 1970 წლისთვის კომპანიამ (Lillian Vernon Corp) 1 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვებს მიაღწია, დღეს კი მისი აქციების ფასი 15.8 მილიონი აშშ დოლარია.

 საინჟინრო სფერო გახდა  კიდევ ერთი ინსპირაცია ქალებისთვის 30 -იან წლებში, მაშინ როდესაც დიდი დეპრესია დაიწყო,  ოლივია ენ ბიჩმა (Olive Ann Beech) კანზასში 10 ადამიანი დაასაქმა და ახალი ტიპის მინი თვითმფრინავის შექმნას შეუდგა. თანამშრომელთა რიცხვი ძალიან მალე 10 ათასამდე გაიზარდა და საავიაციო კომპანია Beech Aircraft -იც ჩამოყალიბდა. ოლივია ენ ბიჩი სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად ამბობდა, რომ ის და მისი 10 თანამშრომელი პირველივე დღეებში დარწმუნებული იყვნენ საკუთარ წარმატებაში.

კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულის მაღაზიის (Mrs, Fields Chocolate Chippery)  მფლობელს დები ფილდს როუსს (Debbie Fields Rose) თუ  კი ოდესმე შეხვდებით, ალბათ გეტყვით, რომ ბიზნესზე მეტად, მას საკუთარი ქუჩის მცხოვრებლებისთვის ტკბილეულის სხვადასხვა რეცეპტის გაზიარება უნდოდა. დების ეს იდეა, ქალაქ პალო ალტოში დაიწყო პატარა მაღაზიის გახსნით (1977 წელი)  დაგვირვინდა. დღეს უკვე მაღაზია ჰოლდინგს წარმოადგენს, დების დესერტები ამერიკის საუკეთესო რეცეპტების რიცხვში შედის. დები ფილდს როუსი ახლა ფლორიდაში ცხოვრობს და სხვა ქალებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

დროის ხაზი, რომელიც ბიზნესში ჩართული ქალების ისტორიას მიყვება, ზემოთ მოთხრობილი  სახელისა და გვარების მიღმა კიდევ ბევრი მეწარმე ქალის ამბებსაც იტევს. ეს წარმატების და წარუმატებლობის ისტორიებია; ახალი იდეების, რომელიც განხორციელდა და რომლებიც  აუხდენელ ოცნებებად დარჩა. 

მე-18 და მე-19 საუკუნეებში ქალების ბიზნესში ჩართულობა, ძირითადად, მათ მშობლებზე, მეუღლეებზე და ოჯახის მამაკაც წევრებზე იყო დამოკიდებული. სოციალური ნორმების ცვლილებამ და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებამ მე-20 საუკუნეში ქალების შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოკვეთა.  მათ საფუძველი დაუდეს სრულიად ახალ ინდუსტრიებს, ან უკვე ნაცნობ სფეროებში ქალთა აქტიურ ეკონომიკურ ჩართულობას შეუწყვეს ხელი. რა თქმა უნდა, ამ ისტორიების უკან დგას ბევრი დაბრკოლება, რომელიც რიგ შემთხვევებში ინსპირაციის წყაროც კი ხდებოდა მათთვის.  მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომი ამ მიმართულებით გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევა. მაშინ, როდესაც ომის პერიოდში ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა და მამაკაცები საომარ საქმიანობაში იყვნენ ჩაბმული, ქალებმა საკუთარი ბიზნეს-იდეების განხორციელება დაიწყეს. გვაქვს საინტერესო სტატისტიკაც, 1940 წლიდან 1945 წლამდე ქალი მეწარმეების რიცხვი 10%-ით გაიზარდა, ნაწილი ქალებისა ახალ საქმიანობებს ცდიდა, ნაწილი კი მეუღლეების პოზიციას იკავებდა და თავად იწყებდა მართვას.  

1972 წლისთვის აშშ-ში ქალ მეწარმეთა რიცხვი 400 ათასი იყო,  ამ ქალებს ფინანსური რესურსების მობილიზებისთვის სესხები სჭირდებოდათ, სესხს კი მათი მამების, ქმრების და შვილების ნებართვის გარეშე ვერ იღებდნენ. რეალობა დღეს შეცვლილია –  2019 წლის მონაცემებით, აშშ-ში მეწარმე ქალთა რიცხვი 13 მილიონამდეა გაზრდილი.

ავტორი: ნათია კეკენაძე