მენეჯმენტი101: რა გამოარჩევს წარმატებულ მენეჯერს?
“კარგი მენეჯერი არის არა ის, ვისაც შეუძლია აკეთოს საქმე სხვებზე კარგად, არამედ ის, ვისაც შეუძლია მისცეს მოტივაცია სხვებს, აკეთონ საქმე მასზე კარგად”, – ამბობს კომპანია FedEx-ის დამფუძნებელი, ფრედერიკ სმიტი.
ქალები, მამაკაცებთან შედარებით, უკეთესი მენეჯერები არიან – ამბობს ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანია Gallup-ი და ამ დებულების საფუძველს ოთხი დეკადის განმავლობაში ჩატარებული კვლევა წარმოადგენს, რომელშიც 27 მილიონი დასაქმებული ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ქალი მენეჯერის გუნდის წევრები უფრო მეტად არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში და გრძნობენ, რომ მათ მიერ შესრულებული საქმე დაფასებულია.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამუშაო პროცესში ჩართულობა სამუშაოთი კმაყოფილების დონეს განსაზღვრავს, რაც, თავისთავად, ინდივიდის პროდუქტიულობისა და მოტივაციის მაღალ დონეს განაპირობებს. საინტერესოა, რომ დასაქმებულთა 87% სწორედ ამ შესაძლებლობის ნაკლებობას განიცდის. ეს კი მოტივაციის, ენთუზიაზმისა და პროდუქტიულობის დონეზე უარყოფითად აისახება.
სწორედ ამიტომ, კომპანიის წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა სწორ მენეჯმენტს ენიჭება. მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც ახდენს გუნდის წევრების მობილიზებას, თითოეული ინდივიდის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას, ხელს უწყობს მათ განვითარებას და მას კომპანიის მიზნების განხორციელებისკენ მიმართავს.
სტატიაში შევეცდებით, გაგიზიაროთ ის ოთხი ფუნდამენტური მიდგომა, რომელიც ყოველ წარმატებულ მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას, აამაღლოს დასაქმებულთა მოტივაცია და გაზარდოს შესრულებული საქმის ეფექტურობა.
ღირებულებების გაზიარება
ორგანიზაციული კულტურის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ადამიანის მიერ კომპანიისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვან როლს ღირებულებების გაზიარება ასრულებს. მნიშვნელოვანია, გუნდის თითოეულ წევრს გაცნობიერებული ჰქონდეს, თუ რა მნიშვნელობას ატარებს მის მიერ შესრულებული საქმე კომპანიის საბოლოო მიზნების მიღწევის პროცესში.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები გვირჩევენ, რომ დასაქმებულ ინდივიდებთან კომუნიკაციის დროს ყურადღებას არა მხოლოდ ყოველდღიურ დავალებებზე, არამედ “ერთიან სურათზე” გავამახვილოთ.
ემპათია სამუშაო სივრცეში
კომპანია DDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, წარმატებული მენეჯერები ემპათიის მაღალი დონით ხასიათდებიან. მათ აქვთ უნარი, გაიზიარონ საკუთარი გუნდის წევრების ემოციები, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ, განახორციელონ ეფექტური კომუნიკაცია და მოახდინონ პრობლემების ინდივიდუალურ დონეზე გადაჭრა.
შედეგად, მენეჯერები გუნდის წევრებთან მჭიდრო ემოციურ კავშირს ამყარებენ, აყალიბებენ გრძელვადიან ურთიერთობებს და მათი მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ, რაც გუნდის წარმატებას განაპირობებს.
სწორი კომუნიკაცია
წარმატებულ მენეჯერს ეფექტური კომუნიკაციის უნარი გამოარჩევს. გუნდის ლიდერის მთავარ მოვალეობას ხომ მოლოდინებისა და ინფორმაციის სწორი მიმოცვლა წარმოადგენს. Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გუნდის წევრებისთვის მოლოდინების გაზიარება დასაქმებული ინდივიდების ბაზისურ მოთხოვნას წარმოადგენს და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს განაპირობებს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულ წევრს ნათლად ესმოდეს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
როგორც Gullup-ის მკვლევარები გვირჩევენ, თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის პროცესში მნიშვნელოვანია მათთან როგორც პირისპირ, ასევე სატელეფონო ზარებითა თუ ელექტრონული მეილების საშუალებით კომუნიკაცია.
აღიარება
ინგლისელი ავტორი და ბიზნეს კონსულტანტი, მარკუს ბუკინგემი ამბობს, რომ თანამშრომელთა მნიშვნელოვან მოტივატორს არა ფულადი ანაზღაურება, არამედ აღიარება წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმის შედეგად აღიარება და მათ ძლიერ მხარეებზე ყურადღების გამახვილება პროდუქტიულობის მაჩვენებელს 12.5%-ით ზრდის.
ჰარვარდის ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის პროფესორი კი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა მოტივაციის ასამაღლებლად, საჭიროა მათი წახალისება და განვითარების ხელშეწყობა – რაც ეტაპობრივად გართულებულ დავალებებს და სწორად ფორმულირებულ უკუკავშირს გულისხმობს.
საბოლოოდ კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული მენეჯერის უნარების გამომუშავება ყოველდღიური შრომით, თანამშრომლებისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებითა და მუდმივად განვითარებაზე სწორებით არის შესაძლებელი.
ავტორი: ნინო თურქია