ციფრული კომუნიკაციის როლი თანამედროვე ბიზნესში

ციფრული კომუნიკაციის როლი თანამედროვე ბიზნესში

რა არის ციფრული არხების დანიშნულება?

ციფრულ არხებს ბიზნესმა ის დანიშნულება შეიძლება მისცეს, რაც მისთვისაა მთავარი – შეიძლება ცნობადობის ზრდისთვის გამოიყენოს, შეიძლება ლოიალური მომხმარებლების კიდევ უფრო გასალოიალურებლად, გაყიდვების გასაზრდელად და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველა ამ მიზნის მთავარი დანიშნულება კომპანიის გაძლიერება და ფინანსური სტაბილურობის მოტანაა. 

რატომ არის ციფრული არხების გამოყენება მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

განსხვავებით სხვა მარკეტინგული წყაროებისგან, ციფრული მედია ბიზნესს გაცილებით მეტ შესაძლებლობას აძლევს და რაც მთავარია – გაცილებით იაფად. ციფრული პლატფორმები ადამიანებთან პირდაპირი ინტერაქციის საშუალებას იძლევა, ბევრად მეტ ფიდბექს გაძლევს შენს პროდუქტსა თუ სერვისზე, გეხმარება მათ გაუმჯობესებაში და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ბიზნესები უშვებენ ადამიანების კრიტიკული აზრების დაბლოკვა და მუდმივად თავდაცვით პოზიციაში ჩადგომაა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ხანდახან მომხმარებლის ფიდბექი შესაძლოა რამე პიროვნული მოტივაციებით იყოს ნაკარნახევი და არ წარმოადგენდეს ამ ადამიანის ობიექტურ დამოკიდებულებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ბიზნესი უნდა ინტერესდებოდეს და ეხმაურებოდეს მის გარშემო არსებულ შეხედულებებს. 

ხშირად მინახავს უკმაყოფილო მომხმარებლების პოსტები და ბიზნესის ნული გამოხმაურება, ეს მეც, როგორც არსებულ ან პოტენციურ მომხმარებელს მიჩენს განცდას, რომ ამ ბიზნესს არ აინტერესებს ადამიანების აზრი. 

გარდა ინტერაქციისა, სოციალური მედია საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას გაძლევს შენი კამპანიის წარმატების გასაზომად. ზუსტად იცი – ვის მიწვდი, რა რეაქცია გამოიწვიე, რამ იმუშავა და რამ არა, რომელი სტრატეგია უფრო გამართლებულია და ა.შ. ასევე  შეგიძლია, რეკლამის სწორად ტარგეტირების შემთხვევაში სწორედ იმ აუდიტორიას მიწვდე, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. 

რომელი ციფრული არხების გამოყენებაა მიზანშეწონილი საქართველოში?

საქართველო რეგიონშიც და ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა სოციალური მედიის გამოყენების კუთხით. თუმცა, ჩვენთანაც არსებობს რაღაც სოციალური პლატფორმები, რომლებმაც სხვებზე მეტი პოპულარობა მოიპოვა. 

ხშირად, ბიზნესი ყველა სოციალური მედიის პლატფორმას იყენებს და ყველას ერთნაირი კონტენტის გასათავსებლად, რაც, ცალსახად არასწორი სტრატეგიაა. პირველ რიგში, ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა განსაზღვრონ ტარგეტ აუდიტორია და მთავარი ამოცანა და ამის მიხედვით დაიწყონ პლატფორმების შერჩევა და კამპანიების წარმოება. 

დღესდღეობით, ფეისბუქი ყველაზე დიდი სოციალური ქსელია, თუმცა, ასაკობრივი გადანაწილება ისეთია, რომ თავისუფლად შეგვიძლია, მილენიალთა სოციალური ქსელი ვუწოდოთ. მაშინ, როდესაც ტიკ-ტოკი Gen Z-სთვის აღმოჩნდა უფრო საინტერესო პლატფორმა. 

შესაბამისად, პლატფორმაც ამოცანიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს და კამპანიის სტრატეგიაც ამის მიხედვით გაიწეროს. 

ხუთი მნიშვნელოვანი რჩევა, რაც უნდა გავითვალისწინოთ ციფრული არხების გამოყენებისას? (ბიზნესის შენებისას)

ა. პირველ რიგში, დასახეთ ამოცანა და განსაზღვრეთ, ზუსტად რისი მიღწევა გინდათ. ეს დაგეხმარებათ, რომ არ აცდეთ ფოკუსს და თქვენს თანამშრომლებსაც სწორად განუსაზღვროთ – რისთვის მუშაობენ;

ბ. ამოცანის შესაბამისად განსაზღვრეთ ტარგეტ აუდიტორია, მიიღეთ ინსაითები და დაგეგმეთ კამპანია ამ ტარგეტ აუდიტორიისთვის. მათ შორის, მასობრივ პროდუქტსაც სჭირდება ტარგეტირება და ძირითადი აუდიტორიის (core audience) განსაზღვრა;

გ. აკეთეთ ექსპერიმენტები და დააკვირდით პერფორმანსს, შესაძლოა, მარტივმა შტრიხმაც კი – კონტენტის დროის შემცირებამ, ფერის შემოტანამ, პერსონაჟის დამატებამ, აუდიტორიის მინიმალურმა შეცვლამ – მაქსიმალური ეფექტი მოგცეთ;

დ. გქონდეთ განსაზღვრული KPI-ები და ყოველთვის გაზომეთ თქვენი წარმატება ციფრებში. ამის შესაძლებლობას სოციალური მედიის პლატფორმები გაძლევთ;

ე. იყავით გულწრფელები – ჩემი დაკვირვებით, არაფერი ისე არ მოსწონს სოციალურ მედიას, როგორც გულწრფელობა. შეგეშალათ? – ნუ ჩადგებით თავდაცვის პოზიციაში, აღიარეთ და შეცვალეთ სტრატეგია. რამე კარგად გამოგივიდათ? – არ მოგერიდოთ ამაზე საუბარი. ადაპტირდით ცვლილებებთან და გამოწვევებთან. შეცდომები ყველას მოსდის და დანებების ცდუნება დიდია, მაგრამ ყველაზე დიდი კრახების შემდეგ, როგორც წესი – ყველაზე დიდი წარმატებები მოდის.

ავტორი: მარიამ ბაჯელიძე, ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ტელევიზია “ფორმულა”