იდეიდან განხორციელებამდე – სამეწარმეო საქმიანობის 7 ნაბიჯი
იდეიდან განხორციელებამდე – სამეწარმეო საქმიანობის 7 ნაბიჯი
როგორც სხვა ყველაფერი, მეწარმეობის გრძელი გზაც პირველი ნაბიჯით იწყება. ნაბიჯით რომლის გადადგმაც ალბათ ყველაზე რთულია. რთულია მიიღო გადაწყვეტილება გახდე მეწარმე და ხელში აიღო სრული პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე, თუმცა კარგი ბიზნეს იდეა და სწორი მომენტი ამ ნაბიჯის გადადგმას ამარტივებს. ყველა წარმატებული ბიზნესი კარგი იდეით და მისი შესაძლებლობად გადაქცევით იწყება. თუმცა, სამეწარმეო გზის არჩევა მხოლოდ დასაწყისია. ამ გზის გასაიოლებლად ჩვენ გთავაზობთ აუცილებელ 7 ნაბიჯს, რომელიც ყველა მეწარმემ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ საკუთარი იდეა რეალობად აქციოს:
ზუსტად გაარკვიეთ რა პრობლემის გადაჭრას გეგმავთ
ნებისმიერი კომპანიის ფუნდამენტური იდეა არის, რომ ის რაიმე სახის პრობლემას აგვარებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გვხიბლავს ჩვენი იდეა, მთავარი კითხვა ყოველთვის უნდა იყოს – ვახერხებთ თუ არა რეალურად პრობლემის გადაჭრას მომხმარებლისთვის?
ყველა კომპანია, რომელიც დღეს არსებობს, განურჩევლად ზომისა, ამა თუ იმ პრობლემას აგვარებს და სწორედ ამიტომ განაგრძობს ფუნქციონირებას. მაგალითად, ამაზონმა ელ.კომერცია გაამარტივა და მომხმარებლებს ვაჭრობის პირვანდელზე უფრო მოქნილი მოდელი შესთავაზა, ნეტფლიქსმა ან კიდევ ქართულ რეალობაში აჭარანეთმა საყვარელი ფილმების მთელი კოლექცია მიაწოდა ეკრანზე მომხამარებელს. თქვენგან რამდენიმე ქუჩით დაშორებულმა ლუდის ბარმა კი ადგილობრივებს შეკრებისა და სოციალიზაციის შესაძლებლობა გაუჩინა. გლოვომ მათზე იზრუნა ვისაც სახლში დარჩენა ურჩევნია და ქალაქის ყველა სამზარეულოსთან მობილური აპლიკაციითა და მრავალი კურიერით დააკავშირა.
სწორად შეარჩიე შენი ბაზარი
ზუსტად შერჩეული ბაზარი ხშირად ის ვიწრო ხაზია, რომელიც წარმატებულ და წარუმატებელ ბიზნესს განასხვავებს ერთმანეთისგან. მომხმარებლების იდენტიფიცირება, მათი ქცევის, სურვილების და პრობლემების სრულად გაგება, დაგეხმარებათ მოარგოთ თქვენი გადაწყვეტილებები მათ საჭიროებებს.
მომხმარებლამდე პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ არასწორი ან ნაკლული ინფორმაციის მიწოდება არის შეცდომა, რომელსაც ახალი მეწარმეები ყველაზე ხშირად უშვებენ. რაც უფრო ახლო და პირდაპირი კავშირი გექნებათ თქვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ სწორად შეძლებთ მათი პრობლემების იდენტიფიცირებას და შემდგომ გადაჭრას.
ეძიეთ მხარდაჭერა
წარმატების მიღწევა დამუკიდებლად თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ყველაზე წარმატებული კომპანიების გახსენებისას მხოლოდ ინდივიდუალური სახელები და გვარები გვახსენდება, რეალობა სრულიად სხვაგვარია. სწორად შერჩეულმა ბიზნეს პარტნიორებმა იდეის რეალობად გარდაქმნის გზაზე, შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ, ზუსტად ისევე, როგორც ცუდად შერჩეულმა შეიძლება ეს პროცესი სრულიად ჩაშალოს. კარგი პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხებს, თუ რამდენად გამოცდილია არჩეულ სფეროში, აქვს თუ არა წვდომა საჭირო წრეებზე, და რამდენად არის დაინტერესებული თქვენთან თანამშრომლობით.
სხვა მეწარმეებთან, სფეროს ექსპერტებთან ან უბრალოდ პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია, იდეების გაცვლა და საჭიროების შემთხვევში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს პროცესი გეხმარებათ თქვენი იდეისა და პოტენციური პროდუქტის დახვეწასა და ადაპტირებაში.
შექმენით ფინანსური მოდელი და დაგეგმეთ პირველი ეტაპი
მას შემდეგ რაც თქვენ უკვე შეისწავლეთ ბაზარი, ახლა შეგიძლიათ მისი ფინანსური ღირებულება შეაფასოთ. თავდაპირველად, შექმენით ფინანსური მოდელი, რომელიც ემყარება თავად პროდუქტის ან სერვისის ანალიზს და მის საჭიროებებს, შემდეგ კი აკეთებს ანალიზზე დამყარებულ პროექციებს. ყურადღება გაამახვილეთ, თუ როგორ იქმნება თქვენი პროდუქტი/სერვისი, როგორ ხდება მისი მარკეტინგი და მიწოდება თითოეულ მყიდველთან. მსგავსი მოდელის შექმნა დაგეხმარებათ უკეთ დაინახოთ, როგორ იმუშავებს თქვენი ბიზნესი. მოლოდინების დასაზუსტებლად, აუცილებელია შექმნათ დამატებითი ფინანსური გეგმაც, რომელიც შეაფასებს ბაზრის ზომას და მიზნებს, რისი მიღწევაც დაგჭირდებათ იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი მომგებიანი იყოს.
მას შემდეგ რაც თქვენი ფინანსური მოდელები უკვე მზად არის, შეგიძლიათ დაგეგმარების შემდეგ საფეხურზე გადახვიდეთ, როდესაც ყველა ჩართულ აქტორს თანაბრად და დეტალურად გააცნობთ თქვენს გეგმებს, მოლოდინებსა და იდეებს. მსგავსი ფორმის კომუნიკაცია დაგეხმარებათ, თქვენი და თქვენი გუნდის თუ სხვა ჩართული აქტორების წარმოდგენა იყოს ერთგვარი, რათა შემდგომ საფეხურებზე თავიდან აირიდოთ დამატებითი სირთულეები.
მოიძიეთ კაპიტალი
მიუხედავად იმისა თუ რა მიზნით იწყებთ ბიზნესს, ფინანსების მობილიზება მის დასაწყებად აუცილებლად დაგჭირდებათ. დაფინანსების წყაროები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, წარმოების მოცულობისა და მიზნების მიხედვით. მცირე მეწარმეობის შემთხვევაში, თვითდაფინანსება, მეგობრების და ოჯახის წევრების ინვესტიციები, მცირე ზომის კრედიტი ან სესხი შეიძლება საკმარისი იყოს. თუმცა დიდი ზომის რესურსების საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. ბიზნეს ანგელოზები ან/და ვენჩურული კაპიტალის ფონდები, მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტორები, რომლებიც თქვენ ბიზნეს იდეაში ინვესტირებას გააკეთებენ სამომავლო მოგების წილის სანაცვლოდ, ყველაზე სწორი არჩევანი იქნება. განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით გადაწყვეტთ რესურსების მობილიზებას, აუცილებელია კარგად გქონდეთ გააზრებული და შეფასებული შესაძლო რისკები და საფრთხეები.
პირველი ნამდვილი გამოცდა და ადაპტირება
პროდუქტის ბაზარზე ჩაშვება და მასზე მიღებული უკუკავშირი მომხმარებლისგან, მნიშვნელოვანი საფეხურია წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად. ამ პროცესის უმტკივნეულოდ გასავლელად აუცილებელია მინიმალური პრაქტიკული პროდუქტი (MVP- Minimal viable product) გამოვიყენოთ. მინიმალური პრაქტიკული პროდუქტის(მპპ) გამოყენება ჩვენი ბიზნეს იდეის შეფასებაში დაგვეხმარება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. აუცილებელია კარგად გვესმოდეს მინიმალური პრაქტიკული პროდუქტის მნიშვნელობა, ის არ გულისხმობს ნაკლული ან ცუდად გამართული პროდუქტის შეთავაზებას ჩვენი მყიდველისთვის. პირიქით, პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მომხმარებელს, აუცილებლად უნდა ჭრიდეს იმ პრობლემას, რომლის გადაჭრაც ბიზნესის დასაწყისში დავისახეთ მიზნად, თუმცა მისი მინიმალური ხასიათი უნდა იძლეოდეს პროდუქტის დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობას. ისეთი დიდი და წარმატებული კომპანიებიც, როგორიც Amazon-ი და Facebook-ია, თავდაპირველად მომხამრებელს წინაშე მინიმალური პრაქტიკული პროდუქტის ფრომატით წარდგენ. ერთერთი ყველა წარმატებული ციფრული სავაჭრო პლატფორმა, თავდაპირველად წიგნების გაცვლით შემოიფარგლებოდა, ხოლო სოციალური მედიის გიგანტი მხოლოდ კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მინიმალური პრაქტიკული პროდუქტის სწორად შერჩევისა და გამოყენების მაგალითები ქართულ რეალობაშიც არაერთია. წარმატებული, ქართული ბრენდი, Crosty-ი თავდაპირველად ბაზარზე, მინიმალისტური ფეხაცმლით გამოჩნდა, რომელიც საკმარისი იყო ბრენდის იდენტობის შესაქმნელად და მომხმარებელთან პირველი ინტერაქციის დასამყარებლად. მოგვიანებით, ბრენდმა უფრო სარისკო და ინდივიდუალური დიზაინის პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს. ქართული ტანისამოსის ბრენდი “ფაფანაკის” შემთხვევაში, მპპ ქართული ტრადიციული სამოსის ერთერთი ყველაზე მარტივი ატრიბუტი ყაბალახი გახდა, რომელმაც ბაზარზე ბრენდის მიმართ ყურადღება გაღვივა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობას შეუწყო ხელი.
ბაზარზე მინიმალური პრაქტიკული პროდუქტის ჩაშვების შემდეგ, აუცილებელია ვეცადოთ მაქსიმალურად დეტალური უკუკავშირი მივიღოთ მომხმარებლისგან: რა მოეწონათ ან რა არ მოეწონათ ჩვენს პროდუქტში? რას და რატომ შეცვლიდნენ? იყიდდნენ თუ არა იმავე პროდუქტს/სერვისს განმეორებით? მსგავს კითხვებზე მიღებული პასუხები დაგვეხმარება ჩვენი პროდუქტის დახვეწაში და მომზადებაში იმისათვის, რომ უფრო ფართო ბაზრებზე შევიდეთ და/ან უფრო კარგად მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს.
იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ პრაქტიკული პროდუქტის ჩაშვების შემდეგ დავრწმუნდით, რომ ჩვენი პირვანდელი წარმოდგენები რეალობას არ შეესაბამებოდა და შევცდით ბაზრის შეფასებაში, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველაფერი, რაც აქამდე გავაკეთეთ, წყალში გადაყრილი ფუჭი შრომაა. საპირისპიროდ, ჩვენ სხვა პოტენციურ ახალ მეწარმეებზე უკვე რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ და პროცესის გაგრძელება არა ნულიდან, არამედ შეცდომების გამოსწორებით შეგვიძლია დავიწყოთ.
თუ თქვენმა მინიმალურმა პრაქტიკულმა პროდუქტმა პოზიტიური შეფასებები მიიღო მომხამრებლისგან, გილოცავთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენი იდეა ახლა უკვე რეალობაა, თქვენ კი წარმატებული მეწარმე.
შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა
როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, თქვენმა განწყობამ შეიძლება განსაზღვროს თქვენი წარმატება სამეწარმეო საქმიანობაში. გზა იდეიდან მის განხორციელებამდე მარტივი არ არის, აუცილებლად შეგხვდებათ ძალიან ბევრი დაბრკოლება, გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება იდეის რეალობად ქცევის პროცესი კიდევ უფრო გაგიხანგრძლივოთ, თუმცა აუცილებელია ყოველთვის შეინარჩუნოთ პოზიტიური დამოკიდებულება. თქვენი, როგორც ლიდერის ფუნქციაა პოზიტიური გარემო და განწყობა შეუქმნათ თქვენს თანამშრომლებს და პარტნიორებს.
სწორი განწყობის და დამოკიდებულების შენარჩუნება მას შემდეგაც აუცილებელია, რაც თქვენს პროდუქტს მოხმარებელი პოზიტიურად მიიღებს. ბაზარი, და ბაზარზე არსებული ტრენდები აქტიურად ცვალებადია, შეაბამისად აუცილებლია ყურადღებიანი და პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად.