ქალი, როგორც ლიდერი

ქალი, როგორც ლიდერი

ისტორია მუდმივად იცვლება და მასთან ერთად იცვლებიან მთავარი აქტორებიც. რამდენიმე ათეული წლის წინ ცნება “ლიდერი” მასკულინობასთან ასოცირდებოდა, შესაბამისად, მამაკაცი “დაბადებით ლიდერად”, ქალი კი მის მიმდევრად აღიქმებოდა. ასეთი სტერეოტიპული შეხედულებების გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ 1950-2000 წლებში 188 ქვეყნიდან მხოლოდ 35 ქვეყანას, ანუ მსოფლიოს სუვერენული სახელმწიფოების 4%-ზე ნაკლებს ჰყავდა ლიდერი ქალი. ამავე პერიოდში, გაიზარდა დასაქმებულ ქალთა რაოდენობა შრომით ძალაში და 33.9%-დან 46.5%-ს მიაღწია.

 

დღეს, Fortune 500-ის სიაში არსებული კომპანიებიდან 41 ორგანიზაციაში, ანუ 8%-ში აღმასრულებელ დირექტორთა მოვალეობას ქალები ასრულებენ.

 

სამთავრობო და ბიზნეს სექტორში ლიდერი ქალების მუდმივად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელიწადში ლიდერის პოზიციები გენდერულად ნეიტრალური გახდება. თუმცა, საზოგადოებაში მაინც არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას უშლის ხელს.

 

რატომ ვუკავშირებთ “ლიდერის” ცნებას მასკულინობას?

 

ზოგადი განმარტების თანახმად, “ლიდერი” ეწოდება ინდივიდს, რომელსაც აქვს უნარი, მართოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, დასახოს მათთვის გარკვეული ამოცანები და გაუძღვეს მათ საერთო მიზნისკენ.

 

“ლიდერობას” განიხილავენ როგორც ხილვადობისა და ძალაუფლების სპექტრს. რას ნიშნავს ეს? შეიძლება ითქვას, რომ სპექტრის ერთ მხარეს არის ხილვადი, ანუ ავტორიტეტული ლიდერი, რომლის ძალაუფლებაც ფართო მასებზე ვრცელდება და სპექტრის მეორე მხარეს არიან შედარებით დაბალი მასშტაბების მქონე (ე. წ. low-key) ლიდერები, რომლებიც  საკუთარი საქმიანობის შედეგად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ იმ ინდივიდების ცხოვრებაზე, რომლებიც მის გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებულნი.

 

თუ განვლილ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ავტორიტეტული და ხილვადი ლიდერები უმეტესწილად მამაკაცები იყვნენ. ქალები კი ძირითადად ჩრდილში მყოფ, low-key ლიდერებად მოიაზრებოდნენ. სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომელიც “ლიდერობას” აპრიორი მასკულინობის ცნებასთან აკავშირებდა.

 

თუმცა, დღეს ქალი ლიდერების როლი სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ კორპორაციის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, McKinsey-ს კომპანიის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თანასწორუფლებიანობის შედეგად მსოფლიოს ეკონომიკას 2025 წლისთვის 12 ტრილიონი აშშ დოლარით გაზრდის პოტენციალი გააჩნია.

 

ქალი, როგორც ლიდერი და საზოგადოების აღქმა

 

გენდერული თანასწორობის შესახებ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიის მოგება და ეფექტურობა 50%-ით უფრო მაღალია მაშინ, როდესაც ორგანიზაციის ტოპ მენეჯმენტში ქალები არიან. უფრო მეტიც, მაღალ პოზიციებზე მყოფი ქალები უფრო მეტად ახდენენ თანამშრომლებსა და დასაქმებულებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების იმპლემენტაციას, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას. მეტაანალიზური კვლევის თანახმად, ქალები, საშუალოდ, უფრო მეტად დემოკრატიული ლიდერები არიან, ვიდრე მამაკაცები. გამოკითხვის მიხედვით, მმართველ მენეჯერ ქალთა 38% მენტორობას უწევს სხვა დასაქმებულ, უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს.

 

Harvard Business Review-ზე გამოქვეყნებული კვლევა კი აჩვენებს, რომ ქალების 55.6% მზად არის გამოთქვას ან განახორციელოს ინიციატივა მაშინ, როდესაც მამაკაცთა მხოლოდ 48.2%-ს აქვს ამის სურვილს. ამასთანავე, ქალების 54.8% მიმართულია თვითგანვითარებისკენ, ეს მაჩვენებელი მამაკაცებში მხოლოდ 49.3%-ია. ამავე გამოკითხვის თანახმად, ქალების 51% მიმართულია იმისკენ, რომ მოახდინოს თანაგუნდელთა მოტივირება, აქვთ უკეთესი კომუნიკაციის უნარი და არიან გუნდური მოთამაშეები.

 

გლობალურმა ანალიტიკურმა და საკონსულტაციო ცენტრმა, Gallup-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც რესპონდენტებს ერთი კითხვა დაუსვა: “წარმოიდგინეთ, იწყებთ ახალ სამსახურს და გაქვთ შესაძლებლობა, აირჩიოთ უფროსი, ვის მიანიჭებდით უპირატესობას – ქალს თუ მამაკაცს?” პირველად ეს გამოკითხვა 1953 წელს ჩატარდა. გამოკითხულთა პასუხების შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა 66% უპირატესობას მამაკაც ლიდერს ანიჭებდა. ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევა 2017 წელსაც გაიმეორა. უახლესი შედეგებით, რესპოდენტთა მხოლოდ 23% ამჯობინებდა მამაკაც უფროსს, 21% – ქალს, ხოლო 55%-ისთვის უფროსის სქესი მნიშვნელობას არ ატარებდა.

 

Harvard Business Review-ის კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქალთა მხრიდან ლიდერის პოზიციებზე ამბიციების ნაკლებობას თავდაჯერებულობის დაბალი მაჩვენებელი განაპირობებს. ქალები არ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას, ხოლო მამაკაცები საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით უფრო მეტად არიან თავდაჯერებულნი.

 

აღნიშნულ კვლევაში 40 184 კაცი და 22 600 ქალი მონაწილეობდა, მათი, როგორც ლიდერის ეფექტურობის შეფასება კი 49 უნიკალურ ქცევაზე დაკვირვებით ხდებოდა. შედეგად, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები მაღალკვალიფიციური ლიდერები არიან, თუმცა მათ წარმატების მიღწევაში ხელს უშლის არა უნარებისა თუ შესაძლებლობების, არამედ შანსების ნაკლებობა.

 

 

ავტორი: ნინო თურქია

 

ორიგინალი ფოტოს ავტორი: Anthony Gerace