როგორ ვიფიქროთ როგორც მეწარმემ?
“იყო ქალი და იყო მეწარმე” – დღეს აღარ იწვევს გაკვირვებას. ყოველწლიურად, ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტი სტარტაპი ჩნდება, რომელთა სათავეშიც ქალები არიან.
საინტერესოა, რომ ბიზნესის შექმნის პროცესში, განსხვავებული თაობის წარმომადგენელ ქალებს სხვადასხვა მამოტივირებელი ფაქტორი ამოძრავებთ – მილენიალებისთვის ბიზნესის დაწყების მოტივაცია ბაზარზე არსებული შესაძლებლობები ხდება, ხოლო ბეიბი ბუმერებისთვის – საჭიროება. განსხვავებული მიზეზების მიუხედავად, წარმატებულ მეწარმეებს საერთო თვისებები და სამყაროს აღქმა აერთიანებთ.
მეწარმეებზე ემპირიული დაკვირვების შედეგად, მეცნიერები სამ ძირითად თვისობრივ მახასიათებელს გამოყოფენ. ეს სამი მახასიათებელი კი შემდეგნაირად ჟღერს: მეწარმეები არიან გაბედულები, ანუ ახასიათებთ რისკისადმი ღიაობა, აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და არიან მოტივირებულები, შექმნან რაღაც განსხვავებული.
თუმცა, არ შეშინდეთ. თუ თქვენ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეთ, მაგრამ საკუთარ თვისებებში ეჭვი გეპარებათ, გაიხსენეთ, რომ წარმატებული ენტერპრენერები მეწარმეებად არ იბადებიან, ისინი მეწარმეები ხდებიან.
ამ სტატიაში ვეცდებით, გაგიზიაროთ ის რამდენიმე თვისება, რომელიც დაგეხმარებათ, გადადგათ საწყისი ნაბიჯები “მეწარმის იდენტობის” ჩამოყალიბების პროცესში.
მუდმივად დასვით კითხვა – რატომ?
ყოველი ახალი წამოწყების საფუძველს კითხვა “რატომ?” წარმოადგენს. თითოეული მეწარმისთვის ამ კითხვაზე პასუხი უნიკალურია, რადგან ის ინდივიდუალურ ღირებულებებსა და გამოცდილებებს ეფუძნება. ამ კითხვაზე პასუხის ძიების პროცესში, რომელიც მოტივირებულია არა გარეგანი, არამედ შინაგანი ფაქტორებით, მეწარმეები წარმატებული სტარტაპის საფუძველს ქმნიან.
მიზეზი მარტივია – კითხვა “რატომ?” ეხმარება დამწყებ ენტერპრენერს, სწორად შეაფასოს საკუთარი იდეა, ბიზნეს შესაძლებლობები და პოტენციალი. მეწარმის “რატომ?” არ ორიენტირდება პროდუქტზე, არამედ ის ბიზნესის ფსიქოლოგიურ ასპექტს აყალიბებს და მის ორიენტირს განსაზღვრავს.
დაივიწყეთ წესები
Hult-ის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის პროფესორი დამწყებ ენტერპრენერებს ურჩევს, დაივიწყონ წესები, რადგან მეწარმე რეალობას განსხვავებულად აღიქვამს. ის ხედავს ბიზნეს შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვისთვის შეუმჩნეველია.
მეწარმისთვის სამყარო ბიზნეს მოდელს ან პროდუქტს წარმოადგენს, შესაბამისად, ის მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს ან ეფექტური გახადოს მის გარშემო მიმდინარე პროცესები.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ორიენტირდეთ არა წესებზე, არამედ სამყაროს კრეატიულ აღქმაზე. ანუ, არ მოექცეთ რაციონალურობის საზღვრებში და სამყაროს განსხვავებული კუთხით შეხედოთ.
და, რაც მთავარია, უბრალოდ იმოქმედეთ…
მეწარმის თვისებებიდან გამბედაობასა და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეს გამოარჩევენ. ხშირად, ხანგრძლივი დაგეგმარების პროცესი უარყოფითად აისახება იდეასა და მისი განხორციელების შესაძლებლობაზე.
წარმატებული ენტერპრენერები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ყველაზე რთულია, არ შეგეშინდეს შეცდომების, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანს.
“იფიქრო შენს მეათე სვლაზე მაშინ, როდესაც ჯერ პირველი ნაბიჯიც არ გადაგიდგამს – უაზრობაა. როდესაც ცდილობ, გამოთვალო ყველა შესაძლო ვარიანტი, აკეთებ წინასწარ დასკვნებს. ეს დასკვნები კი, ხშირ შემთხვევაში, მცდარია”, – ამბობს სტივენ ქი, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი პროდუქტის იდეის ლიცენზირების საკითხებში.
სწორედ ამიტომ, ენტერპრენერები გვირჩევენ, არ შევუშინდეთ ცვლილებებს. წარმატების ფორმულა ასე ჟღერს: უბრალოდ დაიწყეთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, გამოცადეთ ახალი მიდგომები და გადადგით პატარა ნაბიჯები იმისთვის, რომ შექმნათ საფუძველი ძირეული ცვლილებებისა და წინსვლისთვის.
ავტორი: ნინო თურქია
გამოყენებული ფოტო:
ymi.today.com
წყაროები:
Hult International Business School
Forbes
INC.
Entrepreneur