მეწარმეობა 101

მეწარმეობა 101

თუ ახლა ამ ბლოგს კითხულობ და ჯერ მეწარმე არ ხარ, მაშინ გირჩევ გააგრძელო, იმიტომ, რომ ეს ბლოგი ზუსტად შენთვის არის. 

ყველას გვსმენია წარმატების ისტორები, რომლებიც ავტო ფარეხებში იწყება, შემდეგ კი მსოფლიო მასშტაბის კომპანიებად იქცევა ხოლმე. წაგვიკითხავს ჟურნალებში დაწერილი პროფილები ადამიანებზე, რომლებიც შაბლონურ მესიჯებს გვიგზავნიან –  ,,თუ ოცნებობ, ესე იგი შეგიძლია”. შორს რომ არ წავიდეთ, შენი ნათესავის ახლობლის ამბები მაინც ხომ იცი? როგორი ყოჩაღი გოგოა! ჰოდა ჩვენც შაბლონურად დავიწყოთ: ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის”.

ახლა, საქმე.  

მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ხდებიან ადამიანები მეწარმეები. დამოუკიდებლობა და მომავლის საკუთარ ხელში აღების შესაძლებლობა, ხშირად, ერთ-ერთი მთავარია. მეწარმეობა, ერთი მხრივ, ათავისუფლებს პირს დამსაქმებელზე დამოკიდებულებისგან, ხოლო, მეორე მხრივ – იძლევა შესაძლებლობას მეწარმემ თავად განსაზღვროს საკუთარი საქმიანობის გრაფიკი, ადგილმდებარეობა და დატვირთვა. ასევე, მეწარმე თავისუფალია აირჩიოს საკუთარის საქმიანობის სფერო არა მისი განათლების, არამედ ინტერესის შესაბამისად. ხშირ შემთხვევაში, წარმატებული მეწარმის მიერ მიღებული სარგებელი აღემატება ჩადებული შრომის ღირებულებას დასაქმების ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, უფრო მიმზიდველს ხდის მეწარმეობას. ბოლოს – სამეწარმეო წარმატება აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, აქტიურ სამუშაო ბაზარს პენსიის ასაკამდე ჩამოშორდეს და დარჩენილი ცხოვრება საკუთარ ინტერესებს მიუძღვნას, ეკონომიკური სარგებლის ძიების გარეშე.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ბევრი გამოწვევის გადალახვა და თავდაუზოგავი შრომა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. შესაბამისად, სანამ მეწარმეობის გზას აირჩევთ, აუცილებელია სრული სურათი დაინახოთ და თვალი მხოლოდ წარმატების სიკაშაკაშემ არ მოგჭრათ. სანამ მეწარმოების გზას დაადგებით, კარგად უნდა შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, შეისწავლოთ ბაზარი და მისი საჭიროებები. მეწარმის პირადი და საქმიანი მიზნები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. როცა ადამიანს კარგად არ აქვს გააზრებული, თუ რა სურს საკუთარი საქმიანობისგან, მან სამ მნიშვნელოვან კითხვას უნდა უპასუხოს: რა სახის საწარმო მინდა შევქმნა? რა რისკებსა და მსხვერპლს მოითხოვს ეს საწარმო? მისაღებია თუ არა ეს რისკები ჩემთვის?

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, მეწარმედ არ იბადებიან და სათანადო სურვილის, მონდომებისა და ინტერესის შემთხვევაში ყველას შეუძლია გახდეს მეწარმე. თუმცა განსხვავებული უნარები – თანდაყოლილი, შეძენილი თუ სოციალური – სამეწარმეო საქმიანობის წარმატებას სხვადასხვაგვარად უწყობს ხელს. რადგან წარუმატებლობის საფასური მეწარმეობაში ძალიან მაღალია, რეკომენდებული არ არის სათანადო უნარებისა და ცოდნის გარეშე სრულიად ახალი საქმიანობის დაწყება. ისეთი თანდაყოლილი თვისებები, როგორებიცაა კრეატიულობა, მაღალი მოტივაცია და ამბიცია, ძალიან მნიშვნელოვანია. მეწარმის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შეძენილი თვისებები, ცოდნა, გამოცდილება და სათანადო განათლება. ხშირად სოციალური მოცემულობები, როგორებიცაა სოციალური კავშირები, ოჯახი, დაბადების ადგილი,  ერთგვარი პოზიტიური აქტივებია სამეწარმეო საქმიანობაში.

კითხვებს დავუბრუნდეთ:

 რა სახის საწარმო მინდა შევქმნა?

საკუთარი მიზნების ზუსტად განსაზღვრა ერთ-ერთი პირველი და აუცილებელი ნაბიჯია. მართალია, დროსთან ერთად შესაძლებელია როგორც მიზნების, ისე სურვილების და მოლოდინების გადახედვა, მაგრამ მოუმზადებლად საქმის დაწყებას ბიზნესის კეთების ხისტი წესები არ გაპატიებთ. აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი მიზანი, შექმნათ მდგრადი საწარმო, რომელიც შეძლებს თქვენს გარეშეც გააგრძელოს არსებობა, თუ სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, რომელსაც გრძელვადიანი გეგმები არ აქვს. გრძელვადიანი მდგრადობა არ სჭირდებათ მეწარმეებს, რომლებიც სწრაფ მოგებას ეძებენ. ანალოგიურად, მათ არ სჭირდებათ ბიზნესის შექმნა, რომელიც მათ გარეშე გადარჩება. მაგრამ მდგრადობა მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, რომლებიც საბოლოოდ აპირებენ თავიანთი ბიზნესის გაყიდვას. მდგრადობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ააშენონ კომპანია, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს არსებობა და გაუძლოს ტექნოლოგიების, თანამშრომლებისა და მომხმარებლების თაობების ცვლილებებს.

რა რისკებსა და მსხვერპლს მოითხოვს ეს საწარმო?

რისკების საკუთარ თავზე აღება და ამა თუ იმ ფორმით მსხვერპლის გაღება თქვენ, როგორც მეწარმეს, აუცილებლად მოგიწევთ, თუმცა რისკები საწარმოს ტიპის მიხედვით განსხვავდება. მდგრადი ბიზნესის შექმნა ხშირად გულისხმობს უფრო სარისკო გრძელვადიანი ფსონების დადებას. განსხვავებით სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული საწარმოებისგან, რომლებიც თავიდანვე ქმნის ფულს, გრძელვადიან საწარმოებს სჭირდებათ გრძელვადიანი ინვესტიციები, სტაბილური უპირატესობების მოსაპოვებლად. მსგავს საწარმოებს ხშირად საკუთარი მოგების რეინვესტირება უწევთ მდგრადობის შესანარჩუნებლად. მდგრადი საწარმოების წარმატება ხშირად უფრო მეტ ადამიანზე არის დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, დამატებით რისკებს აჩენს. გასნხვავებული, თუმცა არანაკლებ რისკიანია საწარმოები, რომლებიც სწრაფ მოგებაზე არიან ორიენტირებული. ერთი მხრივ, მსგავსი საწარმოები ხშირად უფრო სარისკო გადაწყვეტილებებს იღებენ სწრაფი სარგებლისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, რისკებს სრულად ინაწილებს ერთი ან რამდენიმე ადამიანი. სწრაფი მოგების მაძიებლებისთვის ფსონები უფრო მაღალია, მაგრამ, ამავე დროს, მოკლევადიანი. 

მისაღებია თუ არა ეს რისკები ჩემთვის?

სწორი მიზნების დასახვა შეუძლებელია, თუ მეწარმე ვერ მოახერხებს სრულად გაიაზროს, რა სურს და, შესაბამისად, რა გამოწვევების გადალახვა დასჭირდება მის მისაღწევად. იმის მიხედვით, თუ ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით ახლა, სავარაუდოდ, სხვადასხვა ნაირად ხართ მზად გაუმლკავდეთ რისკებს. გამოწვევები, რომლებიც მეწარმეობის გზაზე შეგხვდებათ, თქვენგან მოითხოვს დროს, ენერგიას, ფინანსურ რესურსებს და ყურადღებას. თუ მზად არ ხართ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი მოახმაროთ იმ საქმეს, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, გირჩევთ ეს საქმე საერთოდ არ დაიწყოთ. სწორედ ენერგია და მონდომება შეგიწყობთ ხელს გადალახოთ გამოწვევები მეწარმეობის გზაზე. ცხადია, ყველას თანაბარი ფინანსური და დროის რესურსები არ გააჩნია, მაგრამ სათანადო მონდომებით მათი ნაკლებობის კომპენსირებაც არის შესაძლებელი. რისკები, როგორებიცაა  ნაკლები თავისუფალი დრო თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის, სასტარტო ფინანსური ხარჯები და ვალდებულებები, ნაკლები ენერგია თქვენი სხვა საყვარელი საქმიანობებისთვის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და აწონ-დაწონოთ, სანამ  მეწარმეობით დაკავდებით. 

ავტო ფარეხებში დაწყებული ისტორების უმეტესობა ჩვენამდე ვერ აღწევს, იმიტომ რომ მისმა გმირებმა არასწორი მიზნები შეარჩიეს, არ მოეზამდნენ სათანადოდ, ვერ შეაფასეს რისკები და საკუთარი თავი ან უბრალოდ არ გაუმართლათ. ამ უკანასკნელს ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ სხვა დანარჩენი თქვენს ხელთ არის. ამიტომ, სანამ თქვენი ფილმის სცენარის წერას დაიწყებდეთ, აუცილებლად დარწმუნდით რომ გაქვთ სწორად შერჩეული მიზნები, ხედავთ გამოწვევებსა და სირთულეებს და მზად ხართ მათთან გასამკლავებლად. 

ხოლო, ჩვენ შვეცდდებით პრაქტიკული რჩევებითა და გაკვეთილებით დაგეხმაროთ!