ინოვაციური ბიზნეს-იდეები – პასუხი პანდემიას ქალებისაგან

ინოვაციური ბიზნეს-იდეები – პასუხი პანდემიას ქალებისაგან

სულ მალე კორონა ვირუსთან თანაცხოვრების ერთი წელი შეგვისრულდება. ამ ერთი წლის განმავლობაში მსოფლიომ ერთდროულად დაიწყო ვირუსისა და ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა. მედიაში, საჯარო თუ ონლაინ დისკუსიებში აქტიურად მსჯელობენ ადამიანთა ცხოვრებაში პანდემიის გავლენებზე. ეს გავლენები განსხვავებულია სხვადასხვა სოციალური ფენისთვის და ჯგუფისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომელთა როგორც უფლებრივი, ისე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებისთვის, ჯერ კიდევ, ბევრი ბარიერია გადასალახი. პანდემიის შედეგად სამსახურების დაკარგვამ, ან დისტანციურმა სამუშაო რეჟიმმა, ისინი მრავალი პრობლემის წინაშე დააყენა და კვლავ გაამძაფრა პანდემიამდე არსებული უთანასწორობები. ახალი გამოწვევების პასუხად, სანამ სახელმწიფოებს ადექვატური ნაბიჯები მოუფიქრებიათ, ქალების ნაწილი თავად ცდილობს საკუთარი და ირგვლივ მყოფთა პრობლემების გადაწყვეტას და მეტიც – ახალი ბიზნესის აწყობას.   

ისეთი გამოცემები, როგორიცაა: “ბიბისი“, „გარდიანი“,  „ფორბსი“ აქტიურად აქვეყნებენ სტატიებს იმ ქალების შესახებ, რომლებმაც პანდემიით გამოწვეული  შეზღუდვების დროს საკუთარი ბიზნესის ადაპტირება ან/და ახალი ბიზნეს იდეების განხორციელება დაიწყეს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ქალების დიდმა ნაწილმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება ნახა; იპოვა საქმე, რომელიც რეალურად აინტერესებდა; ზოგიერთმა მათგანმა ბიზნესი  ყოველდღიურობის ნაწილად აქცია და ოჯახის წევრებიც კი დაასაქმა. 

ყველაზე პოპულარულ ბიზნეს იდეებს შორისაა თავის მოვლის საშუალებების და მიტანის სერვისის კოლაბორაცია. თუ თქვენ კარგად ერკვევით ამ ტიპის პროდუქციაში და იცით, რა დასჭირდებათ პანდემიის პერიოდში სახლში მყოფ ქალებს და მამაკაცებს, მაშინ, შეიძლება დაგაინტერესოთ  30 წლის ნატალი ჯეიმსის იდეამ. ის მოდის ინდუსტრიაში დიდი ხანია მუშაობს, პანდემიის პერიოდში კი გადაწყვიტა „სილამაზის ყუთი“ შეექმნა, სადაც სხვადასხვა პროდუქციას განათავსებდა. ყუთი განსაკუთრებული და ინდივიდუალური დიზაინისაა. თავადვე შექმნა დიზაინი, საიტი, საიდანაც უკავშირდებიან მომხმარებლები და იწერენ პროდუქციას. სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, საიტი მომხმარებლებისთვის ბევრად მოსახერხებელია, არ საჭიროებს ადამიანურ რესურსს და ნატალიც მარტო უმკლავდება შეკვეთებს.  მისი ბიზნესი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ცნობილი ბრენდებიც კი  სთავაზობენ  თანამშრომლობას. 

პანდემიის დროს სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი საინტერესო ტენდეცია შეინიშნება. ჩვენი ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოებიდან, სამზარეულოში გადავინაცვლეთ და  მეგობრებს აქტიურად ვუზიარებდით ჩვენს მიერ მომზადებული კერძების ფოტოებს. 20 წლის სტუდენტის, მია ვონდერსის კარიბის ზღვის სამზარეულოს რეცეპტებსა და კერძებს  სოციალურ ქსელში დიდი აუდიტორია ჰყავდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს აქტივობა ბიზნესად გადაექცია და, სწავლის პარალელურად, შეკვეთების მიღება დაიწყო. ორიგინალური დიზაინისა და გემრიელი  კერძების დამსახურებით, მიას შეკვეთები ყოველდღიურად იზრდება. კერძებს უკვე ოჯახის წევრებთან ერთად ამზადებს, მიტანის სერვისაც თავად უზრუნველყოფენ.

შეზღუდვების დაწესებით ქალაქებში რესტორნები, კაფე-ბარები, კინო-თეატრები, კლუბები და სხვა გასართობი ადგილების დაიხურა. იმისთვის, რომ ლონდონელ გართობის მოყვარულებსა და წყვილებს ეს დანაკლისი დიდად არ შეხებოდათ, სამედიცინო უნივერსიტეტის 25 წლის სტუდენტმა კაროლინმა „გასართობი ყუთი“-  box42  შექმნა, სადაც სამაგიდო თამაშები, უალკოჰოლო სასმელები და სხვადასხვა ტკბილეული განათავსა. ყუთს თავად ამზადებს, ქმნის სახალისო სათამაშოების ნაკრებს და არავინ იცის ყუთში რას აღმოჩენს. ამიტომ, პაემნებისა თუ მეგობრების შეკრებები კაროლინის ყუთთან ერთად შეიძლება მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდეს.

აშშ-ში ერთ-ერთი ცნობილი საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა მეგან რილმა, დაწესებული შეზღუდვების გამო, მას შემდეგ, რაც სკოლები და საცეკვაო დარბაზები დაიხურა, ვირტუალური საცეკვაო გაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტა. მან და მისმა ჯგუფმა შექმნეს პლატფორმა, სადაც მასწავლებლების მიერ მომზადებული გაკვეთილები განათავსეს. იდეა სტუდიის მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და სხვა მსურველებიც მალევე გამოჩნდნენ. ცეკვის გაკვეთილებთან ერთად პლატფორმაზე იოგას, ფიტნესის თუ მუსიკის გაკვეთილებიც გამოჩნდა. 

პანდემია განსაკუთრებით მძიმედ შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესს. მაშინ, როცა ყველამ ონლაინ-სივრცეში გადმოვინაცვლეთ, ასეთი კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სწორი მარკეტინგული სტრატეგიები და კამპანიები. სწორედ ამიტომ, 34 წლის ჩარლიმ, ნიუქასლიდან, რომელიც პროფესიით მარკეტოლოგია და აქტიურად არის ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, საკონსულტაციო ცენტრი Charliecomms დაარსა. ის ათობით კომპანიას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სოციალური მედიის სტრატეგიებს უდგენს და რეკომენდაციებს სთავაზობს. ჩარლიმ, პირველ რიგში,  საიტი შექმნა, სადაც მის მიერ განხორციელებული პოპულარული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათავსა. ფიქრობს, რომ კრიზისის პირობებში კომპანიებს გამოცდილი ადამიანის მხარდაჭერა სჭირდებათ, რისი ფინანსებიც შეიძლება დღეს მათ არ ჰქონდეთ, ამიტომ ჩარლი მათ შეღავათიან ფასად ეხმარება და თან, დამატებით შემოსავალსაც იღებს. 

არიან ადამიანები, რომლებსაც პანდემიამდე  დასმულ კითხვაზე – რა იყო მათი ჰობი, არ ჰქონდათ პასუხი. პანდემიამ და სახლში ყოფნამ კი,  ბევრ მათგანს საყვარელი საქმე აღმოაჩენინა. მათი იდეები შესაძლოა, განსაკუთრებული ინოვაციურობით არ გამოირჩევა, თუმცა ახალ რეალობას მაქსიმალურად მორგებულია. ინტერნეტში ქალების მიერ ბიზნესად ქცეული ჰობების შესახებ საინტერესო სტატიებს შეხვდებით: 

პოპულარულ ბიზნეს იდეებს შორისაა ხელნაკეთი მისალოცი ბარათების შექმნა და დამზადება, ეს კი განსაკუთრებით მიმზიდველია წინასაახალწლოდ. ამ იდეების უკან სხვადასხვა პროფესიის ქალები დგანან.  ორიგინალურ იდეებს და სპეციალურად მომხმარებლის სურვილზე მორგებულ ბარათებს, სასაჩუქრე შეფუთვებს, ყუთებსა და სადღესასწაულო მოსართავებს, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული მყიდველი ჰყავს. 

პანდემიამ პროდუქტის, სერვისის თუ ინფორმაციის გავრცელების/გაყიდვის პროცესში ციფრული მარკეტინგისა და სოციალური  ქსელების საჭიროებაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა. ქალები ქალებისთვის – ამ იდეით დაიწყო მფრინავმა ჯილ დევისმა, ალიასკიდან,  სოციალური მედიისა და მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა მეწარმე ქალებისთვის. ამ ტიპის ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მაგალითად, პატრიცია პოლტზერი ახლადჩამოყალიბებულ ბრენდებსა და კომპანიებს ინფო გრაფიკებსა და მცირე სარეკლამო ვიდეოებს უმზადებს. სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე, იუთუბზე მალე ვრცელდება,  პატრიციას  საკუთარი „ხელწერაც“  აქვს უკვე. ამ ტიპის მომსახურებას სთავაზობენ ასევე მოყვარული თუ პროფესიონალი ქალი გრაფიკოსი დიზაინერები. ისინი, არა მხოლოდ ქმნიან პროდუქტს, არამედ დაინტერესებულ ადამიანებს, ფოტოშოპისა და სხვა პროგრამების დაუფლებაში ეხმარებიან. ქალების მხრიდან,  სახლიდან მუშაობის რეჟიმში გააქტიურდა დაინტერესება ისეთი საქმიანებობით, რომლებიც პანდემიამდეც პოპულარული იყო. მათ შორისაა – პროგრამირება, ვებსაიტების დიზაინი, ბუღალტერია, ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების შექმნა

კიდევ ერთი საინტერესო  იდეის ავტორია ქეისი ვუდსი, სამი შვილის დედა, რომელმაც საკუთარ შვილებთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და პანდემიის რთულ დღეებში დიდი ოჯახებისთვის ბედნიერი საღამოების შექმნაზე იზრუნა. მისი იდეა ეზოს ინდივიდუალური კინოთეატრების მოწყობას შეეხება. ქეისი ვუდსი მომხარებლებს სთავაზობს სხვადასხვა მოწყობილობების ნაკრებს, რომელთა შეძენითაც სახლის ეზოში, კომფორტულად, დიდ მონიტორზე საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული ფილმის ნახვა იქნება შესაძლებელი. ქეისის „კინოთეატრის ყუთი“ ნიუ-იორკში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბიზნესის მართვაში ქეისის შვილები აქტიურად მონაწილეობენ, მაგალითად, მათ თავად შექმნეს საიტი, უზრუნველყოფენ მიტანის სერვისს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ზამთრის ცივი დღეები ოჯახს არ აშინებს, ისინი ამბობენ რომ სამხრეთის  თბილი შტატებიდან უკვე ბევრია დაინტერესებული მათი ბიზნესით.

პანდემიის პერიოდში ინოვაციური იდეებისა და არსებულ რეალობაზე ბიზნესის მორგების მაგალითები საქართველოში მოგვეპოვება – ქალ ბიზნესმენთა ავტორობით.  

საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს  500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 15-მა ქართულმა სტარტაპმა მიიღო დაფინანსება. მათ შორის არიან ნინო დვალიძე და მარიამ ჯაფარიძე. ნინო დვალიძის პლატფორმა „My Nanny” მშობლებს სწრაფად და მარტივად აკავშირებს სასურველ ძიძასთან. მიუხედავად პანდემიისა, პლატფორმა სექტემბრიდან წარმატებით ფუნქციონირებს. მარიამ ჯაფარიძემ ინოვაციური 3D პროგრამა Cityscape Pro შექმნა. პროგრამა არქიტექტურული ვიზუალიზაციის ავტომატიზაციის დარგში სამუშაოს 40%-მდე ავტომატიზაციისთვის შეიქმნა. 

პანდემიას არ შეუფერხებია, მაგალითად, ბრენდი „სპილოუ“, რომელიც საბავშვო ტანსაცმელს აწარმოებს და თავისი ბიზნესი პანდემიას ძალიან სწრაფად მოარგო – ბამბის ქსოვილით მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყო. ქართულმა კომპანიამ, რომლის დამფუძნებლები ტასო ჯაფარიძე და დირექტორი სოფო ჩხაიძე არიან,  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის EPRC-ის პროექტის GEclose2EU ფარგლებში  გრანტი მოიპოვა და პირბადეები ინგლისურ Amazon-ზე გაიტანა, თავისი პროდუქციით Amazon’s Choice-ს პროდუქტებში მოხვდა და ნოემბერში ქართული პირბადე ბრიტანულმა გამოცემამ The Sun  მსოფლიოს  5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დაასახელა.

USAID-ის დახმარებით კი, პანდემიის პერიოდში ონლაინ სივრცეს, მაგალითად, აქტიურად იყენებს ლინგვისტი რენა აჯალოვა, რომელმაც მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ენების სასწავლო ცენტრი „ლინგვა“ გახსნა. ცენტრს ყოველწლიურად 150 კურსდამთავრებული ჰყავს. მიუხედავად პანდემიისა, რენას ბიზნესი არ შეჩერებულა, სწავლება ონლაინ რეჟიმზეა გადასული. იგი აქტიურად ეხმარება მარნეულში მცხოვრებ ახალგაზრდებს ონლაინ პლატფორმების დაუფლებაში.

*** 

ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პანდემია ბიზნესს, მათ შორის ქალ ბიზნესმენებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, თუმცა – ახალ შესაძლებლობებსაც უქმნის. ახლა მთავარია ამ შესაძლებლობების დანახვა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს, იდეის გენერირება მოახდინოს და იგი წარმატებულ ბიზნესად აქციოს.

ავტორი: ნათია კეკენაძე