დასაქმებული ქალები Covid 19-ის ეპოქაში – როგორ გავხადოთ სამუშაო გარემო უფრო მოქნილი და სამართლიანი მათთვის
2020 წელი პროფესიული თუ პირადი ცხოვრების გზაზე გამოწვევებით სავსე წელი აღმოჩნდა. Covid 19 პანდემიამ მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების წესი შეცვალა და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები საჯარო სივრციდან სრულად ვირტუალურ სამყაროში გადაიტანა. სიახლე არც ის არის, სამუშაო სივრცემ კეთილმოწყობილი ოფისებიდან საკუთარ სახლებში რომ გადაინაცვლა და დისტანციური მუშაობის პრაქტიკამ სისტემატიური სახე მიიღო. პანდემია განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა ქალებისთვის, უფრო მეტად კი დედებისთვის, ვისაც საბავშვო ბაღისა თუ სკოლის გარეშე სახლში დარჩენილ ბავშვზე ზრუნვა და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება ერთდროულად უწევს. სწორედ ეს პრობლემები აფიქრებინებთ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომ ქალების სამუშაო ადგილებზე შესანარჩუნებლად მკაფიო ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
UN Global Compact Academy-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკების უმეტესი ნაწილია ქალები, რომლებიც დღეს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან; დასაქმებული ქალების ნახევარზე მეტს არაფორმალური ან არამდგრადი სამუშაო აქვს, რაც მათი სამსახურიდან გათავისუფლების რისკებს ზრდის; მსოფლიოს მასშტაბით გლობალური გენდერული სახელფასო სხვაობა 16%-ია, რაც ქალებს ეკონომიკურ საქმიანობაში მეტად მოწყვლადს ხდის; ამ ყველაფერს კი ემატება აუნაზღაურებელი შრომა – პანდემიის გავლენით მსოფლიოს მასშტაბით სახლებში დარჩენილი 850 მილიონი ბავშვი, რომლებიც დამატებით ზრუნვასა და ყურადღებას საჭიროებენ.
ამ ფონზე ალბათ გასაკვირი არ არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის McKinsey & company და მსოფლიო საზოგადოების Lean in 2020 წლის ანგარიში „Women in the workplace”, რომელმაც აშკარად აჩვენა: „Covid 19-ის გავლენით, ყოველი მეოთხე ქალი კარიერული მიმართულების შეცვლაზე ან სამუშაო ადგილის მიტოვებაზე ფიქრობს“.
შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მის უკან რეალური ადამიანები დგანან, რეალური პრობლემებით, მაშინ ეს ციფრები გაცილებით მეტ დატვირთვას შეიძენს. ეს ადამიანები რეალურ პრობლემებზე „Women in the workplace” კვლევაში თავად ყვებიან და აღნიშნავენ, რომ ასეთ სიტუაციაში იყო კარგი დედა და კარგი თანამშრომელი ერთდროულად, ძალიან რთული და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელიც კია. მაშინ როცა, სამსახური შენგან მაქსიმალურ მობილიზებას და განუსაზღვრელ სამუშაო საათებს ითხოვს; გვერდზე ოთახში კი შენს შვილს გაკვეთილების მომზადებაში დახმარება, ჭამა ან უბრალოდ ყურადღება სჭირდება; თუ აქამდე სამსახურის მიტოვებაზე ან კარიერული მიმართულების ცვლილებაზე არასდროს უფიქრიათ, Covid 19-ის შემდეგ, მათთვის ეს საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დადგა.
პანდემიის კვალდაკვალ, პირადი თუ სამსახურეობრივი პრობლემების წინაშე მდგომი ქალების მაგალითი კიდევ არაერთია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია – რა კეთდება ახლა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იმ ადამიანების ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად, ვინც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პანდემიამ სხვებზე მეტად დააზარალა.
Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, თითოეული მოქალაქის მიერ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ეკონომიკურ ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ როლს ბიზნესის სფერო იკავებს. სწორედ ბიზნესმა უნდა შეუწყოს ხელი ქალებისთვის უფრო მოქნილი და სამართლიანი სამუშაო გარემოს შექმნას, რაც ზემოთხსენებულ პრობლემებს სრულად თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს. როგორც McKinsey & company-ის და Lean in-ის 2020 წლის ანგარიშში „Women in the workplace” ჩანს, ამ ცვლილებებისთვის პირველი ნაბიჯები ზოგიერთმა კომპანიამ მსოფლიოს გარშემო უკვე გადადგა და საკუთარ თანამშრომლებს Covid 19 კრიზისის დროს დახმარების ხელი პირველმა გაუწოდა – ისინი აქტიურად აწვდიან დეტალურ ინფორმაციას ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის განახლებისა და ანაზღაურებადი შვებულების პოლიტიკის შესახებ; გააფართოვეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურებები, რაც საკონსულტაციო პროგრამებს გულისხმობს; გუნდის ლიდერებს შესთავაზეს ტრენინგები თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის საქმეში; გარდა ამისა, აღნიშნულმა კომპანიებმა დისტანციური მუშაობის სრულყოფის მიზნით, თანამშრომლები დამატებითი რესურსებით უზრუნველყვეს.
ამ ცვლილებების მიუხედავად, მცირეა მსოფლიოს გარშემო იმ კომპანიების ჩამონათვალი, ვინც პანდემიის გავლენით დაზარალებული ქალების კეთილდღეობისთვის რეალური ნაბიჯები უკვე გადადგა. ჯერჯერობით მხოლოდ დიალოგი მიმდინარეობს, როგორი მნიშვნელოვანია დასაქმებული ქალების შენარჩუნება სამუშაო ადგილებზე და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიზნის მისაღწევად.
ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანასია: დასაქმებულ ქალებთან ღია კომუნიკაცია და მათი პრობლემების იდენტიფიცირება; მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურებადი შვებულება, რაც მათ პირადი საქმეების მოსაგვარებლად მეტ დროსა და საშუალებას მისცემს; დასაქმებული დედებისთვის ბავშვთა მოვლის უსაფრთხო ვარიანტების შეთავაზება ან უკვე არსებულის მხარდაჭერა; რაც უმნიშვნელოვანესია – ქალების მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც მრავალფეროვანი და უფრო ნაყოფიერი შედეგების მომტანი იქნება ბიზნესის სფეროს წინსვლისა და შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
წამყვანმა ამერიკულმა პროვაიდერმა კომპანიამ EverythingBenefits ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს კითხა, როგორ წარმოუდგენიათ დასაქმებული ქალებისთვის პანდემიის გავლენით შექმნილი პრობლემების მოგვარების გზები. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მათი ხედვები ერთმანეთს ძალიან გავს. ადამიანური რესურსების აუთსორსინგის JumpStart Hr აღმასრულებელი დირექტორი ჯოი პრაისი მიიჩნევს, რომ ზოგადად, და განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში, აუცილებელია დისკრიმინაციული პრაქტიკის კონტროლი და დასაქმებული ქალების უფლებების პატივისცემა. თანამშრომელთა ტრენინგი და გადამზადება კი დღევანდელ ვითარებაში უკეთეს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, რაც დასაქმებულ ქალებს საკუთარი პრობლემების თამამად გამოთქმის შესაძლებლობას მისცემს. ღია დიალოგსა და დასაქმებული ქალების საუკეთესო მხარდაჭერაში ხედავს გამოსავალს ბიზნესისა და მეწარმეობის ქოუჩი შარლენ უოლტერსიც, რომელიც აღნიშნავს, რომ დასაქმებულმა ქალებმა დაკისრებული მოვალეობები, ცხადია, უნდა შეასრულონ, თუმცა მოქნილი სამუშაო გრაფიკით უნდა ისარგებლონ, რაც სამუშაო საათების შემცირებით, საქმის გადანაწილებით ან სხვა შესაბამისი საშუალებებით შეიძლება იყოს გამოხატული.
სანამ მსოფლიო პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს ერთდროულად ებრძვის და კრიტიკულ გზაჯვარედინზე დგას, გენდერული მრავალფეროვნების კუთხით ახალი რისკები ჩნდება, რამაც, შეიძლება, მსოფლიო საზოგადოების მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი ნელ-ნელა დაღმასვლისკენ წაიყვანოს.
თუმცა არსებობს უფრო პოზიტიური მოლოდინებიც, რომ კრიტიკულ ვითარებაში გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები სწრაფ და ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს და შეიძლება იმაზე უკეთესი სამუშაო გარემო შეიქმნას დასაქმებული ქალებისთვის, ვიდრე ეს პანდემიის დაწყებამდე იყო. გადაიდგმება თუ არა ეს მკვეთრი ნაბიჯები და გახდება თუ არა სამუშაო გარემო მეტად მოქნილი და სამართლიანი დასაქმებული ქალებისთვის, დრო უკეთესად აჩვენებს.